უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხერსონის ოლქში უკვე 60 დასახლებულ პუნქტზე მეტია გათავისუფლებული.
“ამ საღამოს მდგომარეობით, თავდაცვის ძალების მიერ კონტროლი დამყარებულია ხერსონის ოლქის 60-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. პოლიციამ დაიწყო სტაბილიზაციის ღონისძიებები. თავად ხერსონშიც გრძელდება სტაბილიზაციის ღონისძიებები. ხერსონიდან გაქცევამდე ოკუპანტებმა მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს – კავშირი, წყლის მომარაგება, ელექტროენერგია. „რაშისტებს“ ყველგან ერთი მიზანი აქვთ – ხალხის მაქსიმალურად დამცირება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ, დამიჯერეთ”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ზესონის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე უკვე ამოღებულია დაახლოებით 2 000 ფეთქებადი ნივთი – ნაღმები, საბრძოლო მასალა, ნაღმი-ხაფანგები, რომლებიც არ აფეთქებულა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შაბათს, ხერსონში ერთმა გამნაღმველმა ადმინისტრაციული შენობის განაღმვისას დაზიანებები მიიღო.