როგორც ცნობილია, გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“ ნიდერლანდურ ენაზე გამოიცა. როგორც ფონდ World of Diaspora-ში განაცხადეს, ჰააგაში მდებარე საქართველოს საელჩოში ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოების „გველის პერანგის“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
რომანი, ნიდერლანდელ მკითხველს, თარგმანის ავტორმა, ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველმა ლიტერატორმა, არჩილ ჯავახაძემ წარუდგინა, რომელმაც პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის შესაბამისი ეპიზოდები და რომანის შექმნის პროცესი გააცნო, რაც კავშირშია 1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციასთან და ემიგრირებული ქართველების მძიმე ხვედრთან.
„რომანი ქართულიდან ვთარგმნე, ხოლო ამ რომანის წინასიტყვაობა 1928 წელს გერმანულ ენაზე ნათარგმნი წიგნიდან, რომელიც მე მოვიძიე. საგულისხმოა, რომ აღნიშნული წინასიტყვაობა შტეფან ცვაიგს ეკუთვნის და საინტერესოდ წერს საქართველოს შესახებ. თავად გერმანული თარგმანი კი ავტორს, გრიგოლ რობაქიძეს ეკუთვნის. თარგმანს 1 წელი, ხოლო რედაქტირებას 2 წელი დაჭირდა. სულ 340 გვერდია და გრიგოლ რობაქიძის ამ რომანის თარგმნა ჩემთვის დიდი ემოციას და პასუხისმგებლობას უკავშირდება“,-განაცხადა არჩილ ჯავახაძემ.