გივი მიქანაძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ წინსწრებით წარმოადგინეს დასკვნის პროექტი.
მისივე თქმით, მოცემულ დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ის პოზიტიური შეფასებები, რომლებიც კონკრეტულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული.
„მოგეხსენებათ, მმართველი გუნდის ინიციატივითა და ძალისხმევით მიმდინარე წლის ივლისიდან საქართველოს პარლამენტში შეიქმნა და საქმიანობას ეწევა 9 სამუშაო ჯგუფი ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული აქტივობების განსახორციელებლად. ივლის-აგვისტოს თვეში სამუშაო ჯგუფებმა, რომლებშიც ოპოზიციის ნაწილი იყო ჩართული, 60-მდე სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს და შემუშავებული კანონპროექტები შესაბამისი კომიტეტების სახელით დააინიცირეს პარლამენტში. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე მიმართულებით 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილი შესრულდა, ხოლო დანარჩენზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. ჩვენი მიზანია ამ გეგმით გათვალისწინებული უმეტესი აქტივობების შესრულება 2022 წლის ბოლომდე მოხდეს.
მსურს, საზოგადოების ყურადღება გავამახვილო საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. მოგეხსენებათ, 5 ოქტომბერს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებულ ცვლილებათა პაკეტს საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში, რაც 10 ოქტომბერს ექსპერტული დასკვნისთვის გადაიგზავნა ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიაში. ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ წინსწრებით წარმოადგინეს დასკვნის პროექტი აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით, რომლის საბოლოო ვერსიის დამტკიცება ნავარაუდევი აქვთ 15 დეკემბრის სხდომაზე.
მოცემულ დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ის პოზიტიური შეფასებები, რომლებიც კონკრეტულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. დასკვნაში განსაკუთრებული პოზიტიური აქცენტები გაკეთებულია ადგილობრივი თვითმმართველობის კანდიდატებისთვის მოთხოვნილი საცხოვრებელი ცენზის შემცირებაზე, ქვედა რგოლის საარჩევნო კომისიების წევრთა და დამკვირვებლების მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებებზე, არჩევნების შედეგების გადათვლის დამატებითი კრიტერიუმების შემოღებასა და საჩივრების წარდგენის კუთხით გაზრდილ ვადებზე.
ცალსახაა, რომ მუშაობა, რომელიც მმართველმა გუნდმა ოპოზიციური სპექტრის ნაწილთან ერთად გასწია გასული თვეების განმავლობაში, დადებითად იქნა შეფასებული ასეთი მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. პროცესისთვის ჩვეული გამჭვირვალობიდან გამომდინარე, ეს დოკუმენტი ორივე საერთაშორისო ორგანიზაციასთან წინასწარი კომუნიკაციის საფუძველზე გამოქვეყნდება დღეს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
დასკვნის პროექტში რეკომენდაციებია რიგ საკითხებზე შემდგომი სრულყოფის მიზნით, რაზეც ჯერ კიდევ პირველი მოსმენის ფორმატში განვაცხადეთ, რომ მეორე მოსმენაზე ამ საკითხების უფრო დეტალურ გაწერას განვახორციელებდით. ჩვენ დეტალურად განვიხილავთ დოკუმენტში ასახულ თითოეულ რეკომენდაციას და მეორე მოსმენისთვის წარვადგენთ შესაბამის ცვლილებებს.
საზოგადოებას ახსოვს, რომ როდესაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ საჯაროდ გამოცხადდა დეტალური სამოქმედო გეგმა, იქ გაიწერა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები მიღებული იქნება 2022 წლის ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიისგან დასკვნას გაცილებით ადრე ველოდებოდით, არსებული მოცემულობა გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ცვლილებები სამივე მოსმენით დეკემბრის ბოლომდე მივიღოთ.
მოგეხსენებათ, არსებული პრაქტიკით, დასკვნის სამუშაო ვერსია ცვლილებებს ფაქტობრივად არ განიცდის. შესაბამისად, ვიხელმძღვანელებთ რა წარმოდგენილი დოკუმენტით, მიმდინარე კვირას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განსახილველად იქნება წარდგენილი ცვლილებათა პაკეტი მეორე მოსმენის ფორმატში და მხარდაჭერის შემთხვევაში, მომავალ სასესიო კვირას განხილული და დამტკიცებული იქნება პარლამენტის მიერ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი დოკუმენტის წარმოდგენისა და თანამშრომლობისთვის. „ქართული ოცნება“ ერთგულია ნაკისრი ვალდებულებების, მაღალი ხარისხით უზრუნველყოს 12-პუნქტიანი გეგმის სრულფასოვანი განხორციელება, რაც კონკრეტული ნაბიჯებითა და აქტივობებით დასტურდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.