მშვიდობა მოტანილია თავისუფლებისთვის მებრძოლი ბიჭების მიერ, რომლებმაც რუსებს, მათ შორის, უკრაინაში, ჩაუმსხვრიეს კბილები, რომლითაც გვგლეჯდნენ 2008 წელს და რომლით დაგლეჯასაც აპირებდნენ თუ უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაცია წარმატებით განხორციელდებოდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მშვიდობაში ხელისუფლების დამსახურება ისაა, რომ ნაძვის ხესთან და ქუჩებში საახალწლო ინსტალაციები გააკეთეს.
„არ ვაპირებდი ამ საკითხზე საუბარს, რადგან მიმაჩნია, რომ იმ უღირს და უმსგავს განცხადებებს, რაც გაისმა უმრავლესობის მხრიდან, პასუხი გასცეს საქართველოს მოქალაქეებმა. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა ისევ გააგრძელა და „ქართული ოცნების“ ლიდერები ისევ აგრძელებენ საუბარს ექსტრემისტებზე, ომის ძალებზე, რომლებსაც მეორე ფრონტის გახსნა უნდათ და არასდროს ახსენებენ რუსეთს. თუ ვინმეს ომი უნდა, თუ ვინმეს სიკვდილი ახარებს, არის რუსეთი და ამ დროს, ხელს იშვერთ ოპოზიციისკენ. მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ეს რაღაც ზედმეტი აჟიტირება, ვითომ თქვენ მოიტანეთ მშვიდობა, იცით, ხომ, მშვიდობა თავისუფლებისა და ღირსების გარეშე არის მონის ოცნება?! რა მშვიდობაზე საუბრობთ, ამ მშვიდობაში თქვენი დამსახურება არის ის, რომ საახალწლო ინსტალაციები გააკეთეთ ნაძვის ხესთან და ქუჩებში. სინამდვილეში, ეს მშვიდობა მოიტანეს იმ ბიჭებმა, ვინც საქართველოს თავისუფლებისა და ძლიერებისთვის იბრძვიან. ეს უნდა ვთქვათ. მშვიდობა მოტანილია თავისუფლებისთვის მებრძოლი ბიჭების მიერ, რომლებმაც რუსებს, მათ შორის, უკრაინაში, ჩაუმსხვრიეს კბილები, რომლითაც გვგლეჯდა 2008 წელს და რომლით დაგლეჯასაც აპირებდნენ თუ უკრაინაში წარმატებით განხორციელდებოდა ე.წ. სპეცოპერაცია. დიახ, პუტინის მიზნები იყო და არ დაუმალავს, რომ იმპერიის აღდგენა სურდა და ჩვენ იმპერიის ნაწილი ვიყავით, ამიტომ მშვიდობა განპირობებულია არა თქვენი კუდის ქიცინის პოლიტიკით, არამედ, მშვიდობა მოიტანეს თავისუფლებისთვის მებრძოლმა ბიჭებმა.
როცა ამჟღავნებ თავშივე, რომ მზად ხარ მშვიდობისთვის გადაიხადო, მათ შორის, თავისუფლების ფასი, ამით მშვიდობას კი არ ზრდი, პირიქით, ზრდი ომის, ბრძოლის საფრთხეს. მტერს ეუბნები, რომ მე იმდენად სუსტი ვარ, მზად ვარ რომ ოღონდ მშვიდობა იყოს და გადავიხდი ყველანაირ ფასს. იცით ისტორია, შორეული არაა, საფრანგეთის კოლაბორაციონისტული მთავრობის მთავარი ლოზუნგი იყო – „გვაცადეთ მშვიდობა“. საქართველოში არ არსებობს ძალა, მითუმეტეს ოპოზიციაში, ვისაც უნდა მეორე ფრონტი, და თუ ვინმე ზრდის რისკებს ომის და ბრძოლის, არის კუდის ქიცინის, სიმხდალის გამოვლინების პოლიტიკა, რადგან მშვიდობა არ არსებობს თავისუფლების და ღირსების გარეშე. მშვიდობა თავისუფლებისა და ღირსების გარეშე არის მონის ოცნება და არ მინდა ასე გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა – ოღონდ მშვიდობა იყოს და ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ ყველაფრის ფასი. პატივისცემა თავისუფლებისთვის მებრძოლ ბიჭებს და როცა ვიტყვით მშვიდობას, უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ეს მშვიდობა მოტანილია ამ ბიჭების ბრძოლით, მათი სიცოცხლის ფასად და არა კუდის ქიცინისა და მუხლებზე დგომის ფასად. ნამდვილად არ მინდა რომელიმე გიხილოთ იმ მდგომარეობაში როგორც მოექცა საფრანგეთი კოლაბორაციული მთავრობის წარმომადგენლებს“,- განაცხადა მანჯგალაძემ.