მოდი, თვალი გადავავალოთ მეცხრამეტე საუკუნის ისტორიას და იმ მოვლენებს, რომლებზეც მემატიანეები ალაპარაკდნენ უკვდავყოფილ ფურცლებზე. აუცილებლად გაგვიჩნდება სურვილი , შევჩერდეთ იქ, სადაც ვაწყდებით ინფორმაციას მუჰაჯირობასა და მუჰაჯირებზე. მუჰაჯირობა კავკასიელი ხალხის იძულებით გადასახლებას ნიშნავს. ეს პროცესი დაკავშირებულია ისტორიულ მოვლენებთან, როგორებიცაა, რუსეთ-ოსმალეთის ომები, კავკასიის ასწლიანი ომი და ა.შ
მკვლევართა დიდი ნაწილი მუჰაჯირობის დაწყების თარიღად მიიჩნევს 1864 წლის 21 მაისს, როცა რუსულმა არმიამ აიღო კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგობის ბოლო კერა- აბაზური სოფელი კბაადა, მოულოდნელმა დარტყმამ გაანადგურა სოფლის მოსახლეობა, ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს უბრძანეს აერჩიათ გადასახლებისთვის საჭირო ადგილი, რუსეთის შიდა გუბერნიებიდან ერთ-ერთი ან ოსმალეთის იმპერიის ტერიტორია.
მუჰაჯირობის დაწყების თარიღთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება გააჩნია ქართველ საზოგადო მოღვაწე ზაქარია ჭიჭინაძეს, მისი აზრით, კავკასიაში მუჰაჯირობა დაიწყო მეთვრამეტე საუკუნის ბოლო ოცწლეულში, თუმცაღა ზაქარია ჭიჭინაძე მუჰაჯირთა პირველ ტალღად მიიჩნევდა 1815-1820 წწ. ლაზისტანის სანჯაყიდან, ხოლო 1828-1829 წწ. ახალციხის ყოფილი საფაშოს ტერიტორიიდან ქართველ მუსლიმანთა გასახლებას.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კონკრეტული ისტორიული ცნობები 1815-1820 წელს ლაზთა გადასახლების შესახებ არ მოიპოვება, ამიტომაც უმჯობესი იქნება თუ მუჰაჯირობის საწყის ეტაპად მივიჩნევთ 1828-1829 წლებს. 1829 წელს ახალციხის საფაშოდან წამოსული მუჰაჯირები გადაუსახლებიათ აჭარასა და არტაანში, ხოლო 1878 წელს- დასავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე.
1867-1870 წლებში მუჰაჯირობა გავრცელდა საქართველოშიც. როგორც ცნობილია ამ პერიოდში საქართველოზე რუსეთი ბატონობდა.1867 წლის აფხაზეთის აჯანყების მონაწილეები იძულებით გაასახლეს ოსმალეთს იმპერიაში.ეს იყო მასობრივი გადასახლება, რომელმაც ძალიან ცუდად იმოქმედა საქართველოს ისედაც დამძიმებულ ყოველდღიურობაზე. ერთ უბედურებას დაემატა მეორე, რაც გულისხმობდა გადასახლებულთა გამუსლიმანებას. მუჰაჯირთა ნაწილი აღიარებდა ისლამს, ნაწილი-არა.
მუჰაჯირობა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის თანმდევი პორიცესი იყო , ცნობილია, რომ იმ დროისთვის 2 მილიონი კავკასიელი მუჰაჯირი აფარებდა თავს ოსმალეთის იმპერიას, ამ ადამიანებს ჰქონდათ გარკვეული უფლებები და პრივილეგიებიც, მაგალითად, არისტოკრატები ინარჩუნებდნენ კუთვნილ უფლებებს, რის გამოც ისინი მუსლიმ დიდებულებს უთანაბრდებოდნენ. ასევე მუჰაჯირებს შეეძლოთ სამოსახლოდ დაეკავებინათ სახელმწიფოს კუთვნილი მიწები.
მუჰაჯირებზე საუბარი უსასრულოდ შეგვიძლია, რადგან მათი ისტორია საკმაოდ ხანგრძლივ და რთულ გზასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მუჰაჯირობა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პროცესია, რომელმაც საკმაოდ მძიმე შედეგები გვიბოძა. მუჰაჯირობის შთამომავლების თვითაღქმა განსხვავებულია, მათი ნაწილი ვერ ფლობს ქართულ ენას, ამიტომაც თავს აღიქვამენ ეთნიკურ თურქებად. თუმცა აღსანიშნავია, რომ მუჰაჯირების წარმომადგენლები ცდილობენ, შთამომავლობასაც გადასცენ წინაპართა კულტურა.