პოლიტიკა

ვაზისუბანში მშობლების მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა

ვაზისუბანში მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

საქმის პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო უმწეო მდგომარეობაში მყოფი მშობლების მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. აბსოლუტურად სამართლიანად განუსაზღვრა მოსამართლემ უვადო თავისუფლების აღკვეთა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულის განცხადებები არ იყო დამაჯერებელი, ვინაიდან საქმეზე ჩატარებული გამოძიებით სხვა გარემოებები დასტურდებოდა. ბრალდებული აცხადებდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მისი სახლიდან წაიღეს ოქრო, რომელიც შემდეგ მისი ავტომანქანიდან იქნა ამოღებული. შესაბამისად, ამ პოზიციას ვერ გავიზიარებდით.

სასამართლომ გაითვალისწინა ყველა გარემოება, მათ შორის გაითვალისწინა თავად ბრალდებულის პოზიცია, რომელიც არც ერთ პროცესზე არ აღიარებდა თავის მიერ ჩადენილ დანაშაულს და მივიდა გადაწყვეტილებამდე, მისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამას ბრალდების მხარე სამართლიან სასჯელად აფასებს.

პოლიციის თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგად, საქმეზე შეკრებილ იქნა მტკიცებულებები, რომელიც სასამართლო პროცესზე გამოვიკვლიეთ. საქმეზე ჩატარებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გიორგი ბეროზაშვილმა ჩაიდინა დანაშაული. ძალიან მარტივია, რატომ შეცვალა ბრალდებულმა პოზიცია ფინალურ ეტაპზე, ვინაიდან მოსალოდნელი სასჯელი იყო მკაცრი. მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, სასამართლოს შეცდომაში შეყვანას შეეცადა, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საპირისპირო დადასტურდა“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

გიორგი ბეროზაშვილის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, განაჩენი მოულოდნელი იყო და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით აუცილებლად გაასაჩივრებენ.

„ამ გადაწყვეტილებას არ ველოდით. განაჩენი მოულოდნელი იყო ამ ფორმით. შესაბამისად, დაველოდებით დასაბუთებულ განაჩენს და გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით. ვფიქრობთ, დაცვის მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მსგავსი განაჩენი არ დამდგარიყო“, – განაცხადა გიორგი ანთაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რა ვერსია აქვს ბრალდებულს, ვინ მოკლა თავისი მშობლები, ადვოკატმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ბრალდებულმა პროცესზე ისაუბრა.

„ამის შესახებ თავად ისაუბრა. ვინ მოკლა, როგორ მოკლა, ამის თაობაზე გამოძიება უნდა დაინტერესებულიყო“, – განაცხადა გიორგი ანთაძემ.

გამოძიების ინფორმაციით, წლების განმავლობაში მშობლებთან პირადი კონფლიქტისა და უთანხმოების გამო, გიორგი ბეროზაშვილმა მათი მოკვლა განიზრახა. მათივე ცნობით, მან უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და 27 აპრილს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მამის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე მამას თავის არეში ესროლა, შემდეგ კი მის მიერ უკანონოდ შეძენილი, სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე დედას ასევე თავის არეში მიაყენა ჭრილობა. მიყენებული დაზიანების შედეგად, ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდების ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ გიორგი ბეროზაშვილმა კვალის წაშლის მიზნით სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო – კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, რის შემდეგ დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და ბუნებრივი აირის ონკანი გახსნა.

ასევე ნახეთ

სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან 3 პირი სამართალდამრღვევად ცნო

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან სამი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია