მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღეები ბაკურიანში წარმატებით მიმდინარეობს. კოხტა და დიდველი ყოველდღიურად რამდენიმე ღონისძიებას პარალელურ რეჟიმში მასპინძლობს და ბაკურიანი მსოფლიო სპორტის ყურადღების ცენტრშია. ყველაზე რეიტინგული სპორტსმენები დაუვიწყარ სანახაობას მართავენ და სპორტის გულშემატკივრებს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს ჩუქნიან. ბაკურიანის შეჯიბრებები, მსოფლიოს მასშტაბით, 23 საერთაშორისო არხზე, პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი იოჰან ელიაში ეწვია.
„დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ფანტასტიკური ქვეყანაა. ამ მთებს დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიო დონის კურორტი გახდეს, ტურისტები მოიზიდოს და ეკონომიკა კიდევ უფრო განვითარდეს. თოვლის ხარისხი და ამინდიც არის შესანიშნავი. უდიდესი სამუშაოები იქნა გაწეული საორგანიზაციო კომიტეტის მხრიდან. აქ პირველად ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი და ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული.“- იოჰან ელიაში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი.