ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საგარეო საქმეთა სამინისტროში ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ბრიტანეთი არის და დარჩება საქართველოს მტკიცე და ურყევ მეგობრად.
„ძლიერი და ერთიანი ნატო გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ევროპაში და მის საზღვრებს გარეთაც. ამიტომაც სპეციალურად მორგებული პაკეტი არის შემუშავებული საქართველოსთვის 2023 წელს. 2023 წელს ბრიტანეთის საელჩო რუმინეთის საელჩოსთან იმოქმედებს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო პირი საქართველოში. ჩვენი ორმხრივი დაცვის თანამშრომლობა სცდება მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობის ჩარჩოებს და მოიცავს ერთობლივ სამუშაოს კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით. საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ. იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოგიწოდებთ, გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ და დავრჩებით საქართველოს მტკიცე და ურყევი მეგობარი. მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვიმყოფები. ველი იმას, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.