„ომების უმეტესობა იმაზე დიდხანს გრძელდება, ვიდრე მათი დაწყების დროს იყო მოსალოდნელი, ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, გერმანულ მედია Funke-თან ინტერვიუში.
მან აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, თუკი უკრაინელები ცალმხრივად შეწყვეტენ ბრძოლას.
“ჩვენ ყველას გვსურს სწრაფი მშვიდობა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა ვაღიაროთ: თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს. თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი იარაღს დაყრის, ჩვენ მშვიდობა გვექნება“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე საუბრისას სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ „ეჭვი არ არის, უკრაინა საბოლოოდ ნატო-ში იქნება“.
„როდესაც ეს ომი დასრულდება, ჩვენ გვჭირდება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორია შეიძლება განმეორდეს“, – დასძინა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.