პოლიტიკა

გაეროს გუნდი ზაპორიჟიის სადგურის შემოწმებას აგრძელებს

პარასკევს, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხრეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. მათ შორის, ენერჰოდარის რაიონის საარტილერიო დაბომბვა რუსების მიერ ოკუპირებული ზაპორიჟიის ატომური სადგურის სიახლოვესაც ხდება, რომელსაც ამჟამად გაეროს ბირთვული ექსპერტები ამოწმებენ.

ობიექტთან რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის ბრძოლის მიუხედავად, გაეროს ბირთვულ ექსპერტთა ჯგუფმა, ხუთშაბათს ზაპორიჟიის სადგურის უსაფრთხოების პირველი ტური დაასრულა. ექსპერტები მუშაობას პარასკევს აგრძელებენ.

ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური სატელევიზიო მიმართვის დროს თქვა: „უკრაინამ ყველაფერი გააკეთა, რათა ეს მისია შემდგარიყო, მაგრამ ცუდია რომ ოკუპანტები ცდილობენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია – ნამდვილად საჭირო რამ – სადგურის უნაყოფო ტურად გადააქციონ. მჯერა, რომ ამის აღკვეთა მოხდება“.

საერთაშორისო ატომური სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ, რომელიც 14-წევრიან ინსპექტორთა ჯგუფს ხელმძღვანელობს, ხუთშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ სააგენტო ევროპის უდიდეს ბირთვულ ობიექტზე „გახანგრძლივებულ ყოფნას გეგმავს“. მისი თქმით, „აშკარაა“, რომ ზაპორიჟიის სადგურის „ფიზიკური მთლიანობა რამდენჯერმე დაირღვა“.

უკრაინაში შეჭრის პირველი დღეებიდან ზაპორიჟიის სადგურს რუსეთი აკონტროლებს, მაგრამ მას უკრაინელი ინჟინრები ამუშავებენ. რეგიონში მუდმივი თავდასხმების ფონზე, ობიექტისთვის საფრთხის შექმნას ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს.

მსოფლიოს ლიდერები შიშობენ, რომ ომის ზონაში მყოფი ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური შეიძლება დაზიანდეს და შედეგი ჩერნობილის კატასტროფის მსგავსი იქნება.

ოთხშაბათს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, სადგურის გარშემო ტერიტორიის სრული დემილიტარიზაცია მოახდინოს.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია