ჯეიმს ვების ტელესკოპიდან დანახული ჯადოსნური სამყარო – NASA მორიგ ფოტოებს ავრცელებს.
მიუხადავად იმისა, რომ ეს ობიექტები სხვა ტელესკოპებს აქამდეც ჰქონდათ გადაღებული, ფოტოების დეტალები და გარჩევადობა უპრეცედენტოა, ისეთი, როგორიც ისინი ჯერ არასოდეს გვინახავს.
გალაქტიკათა ჯგუფი სტეფანის კვინტეტი
წარმოადგენს ჩვენგან 290 მილიონი წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკათა ჯგუფს ისეთ მჭიდრო ფორმაციაში, რომ თითქოს არარეალურს ჰგავს. სინამდვილეში, ხუთი გალაქტიკიდან მხოლოდ ოთხი ურთიერთქმედებს ერთმანეთთან, მეხუთე კი ჩვენთან გაცილებით ახლოს არის, 40 მილიონი სინათლის წლის მანძილზე.
აღნიშნული ოთხი გალაქტიკა გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგად არის დამახინჯებული. საბოლოოდ, ისინი ერთმანეთს შეერწყმებიან და წარმოქმნიან ერთ დიდ გალაქტიკას.
უმძლავრესი ინფრაწითელი ხედვისა და უკიდურესად მაღალი სივრცული რეზოლუციის წყალობით, გალაქტიკათა ეს ჯგუფი ვებმა ჯერ არნახულ დეტალებში გადაიღო. ფოტოზე ასევე ჩანს გალაქტიკების შიგნით არსებული მილიონობით ვარსკვლავისგან შემდგარი გროვები და რეგიონები, სადაც ახალი ვარსკვლავები იბადებიან.
გემის ხერხემლის ნისლეული
ეს ნისლეული მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 7600 სინათლის წლის მანძილზე, სამხრეთის თანავარსკვლავედ გემის ხერხემლის მიმართულებით. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და კაშკაშა ნისლეულს დედამიწის ცაზე. ის ვარსკვლავების ინკუბატორია, სადაც უხვად იბადებიან ახალი ვარსკვლავები. ნისლეულში თავს იყრის ჩვენს მზეზე გაცილებით დიდი, მრავალი მასიური ვარსკვლავი.
ამ ნისლეულის წინა, სხვა ტელესკოპთა მიერ გადაღებულ ფოტოებზე, მტვრისა და გაზის ფარდა ახლად დაბადებულ ვარსკვლავებს ფარავდა, მაგრამ ვებმა ეს ფარდა გადაწია და ისინი მთელი თავისი დიდებულებით დაგვანახა.
სამხრეთის ბეჭდისებრი ნისლეული
ეს პლანეტური ნისლეული მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 2500 სინათლის წლის მანძილზე და წარმოადგენს დიდებულ, მანათობელ ბურთულას სამხრეთის ცაზე, იალქნების თანავარსკვლავედის მიმართულებით. სინამდვილეში, ეს ნისლეული წარმოადგენს სიკვდილის პროცესში მყოფი ორმაგი (ბინარული) ვარსკვლავის სუნთქვისშემკვრელ, ულამაზეს ნარჩენებს. უკვე ათასობით წელიწადია, ნისლეულის ცენტრში მდებარე მომაკვდავი ვარსკვლავი გაზსა და მტვერს ყველა მიმართულებით ისვრის.
მარცხენა ფოტოზე გადაღებულია ვების ინსტრუმენტ NIRCam-ის მიერ, რომელიც სამყაროს ახლო-ინფრაწითელ დიაპაზონში ხედავს. მარჯვნივ კი ხედავთ იმავე ნისლეულს, რომელიც ინსტრუმენტმა MIRI-მ გადაიღო შუა-ინფრაწითელ დიაპაზონში.