ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ჰარვარდის ბიზნესის სკოლის კონკურენციისა და სტრატეგიის ინსტიტუტის – Harvard MOC Affiliate Network წევრი გახდა, რაც უნივერსიტეტს აძლევს საშუალებას, სასწავლო პროცესებში გამოიყენოს ჰარვარდის სასწავლო რესურსები და მეთოდოლოგია, როგორც „კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკის“ მიმართულების კურსების, ისე სხვა საგნების ფარგლებში. ჰარვარდის რესურსების მიხედვით სწავლება BTU-ში 2023 წლიდან დაიწყება.
გარდა ჰარვარდის სასწავლო რესურსების გამოყენებისა, აფილირებული წევრის სტატუსით, BTU-ს შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს თემატურ სამეცნიერო-კვლევით აქტივობებში, საერთაშორისო კოლაბორაციულ ინიციატივებსა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტების განვითარებაში. ამასთან, BTU-ს ლექტორებს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება MOC ფაკულტეტის ყოველწლიურ სემინარზე.
MOC-ის აფილირებული წევრობის ფარგლებში, BTU-ს სტუდენტებისთვისა და აკადემიური პერსონალისთვის ხელმისაწვდომი იქნება საგანმანათლებლო რესურსები. მათთვის გაიხსნება წვდომა დახურულ ვებპლატფორმაზე, სადაც განთავსებულია სპეციალურად BTU-სთვის შექმნილი 40-ზე მეტი Case Study, მუდმივად განახლებადი ბიზნეს კონტენტი, საერთაშორისო დონის პროფესორების მრავალფეროვანი ვიდეო, სალექციო მასალები და სხვა.
MOC აფილირებული ქსელი 2002 წელს შეიქმნა და ამ ეტაპზე პარტნიორობა მოიცავს 100-ზე მეტ საგანმანათლებლო ინსტიტუციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამჟამად, აფილირებულ ქსელს საერთაშორისო მასშტაბით 2,258 უნიკალური კურსი 70,000-ზე მეტი სტუდენტისთვის აქვს შეთავაზებული. ქსელის მისია და ხედვაა, ჩამოყალიბდეს ადგილობრივი შესაძლებლობები კონკურენტუნარიანობის შესასწავლად და გასაუმჯობესებლად. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტი, Harvard Business School-ის პროფესორმა, Michael Porter-მა დააფუძნა. მისი კვლევითი სფერო ეხება მენეჯმენტისა და კონკურენტუნარიანობის შესწავლას. Michael Porter არის 19 წიგნისა და 130-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი.