პოლიტიკა

ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ სიუჟეტს ამზადებს

გავლენიანი ტელეკომპანია „ევრონიუსი“ ბათუმის, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების შესახებ სიუჟეტს ამზადებს.

აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან და ინფრასტრუქტურასთან ერთად გადამღები ჯგუფის ობიექტივში მთიანი აჭარა მოხვდა, სადაც ჟურნალისტმა კანიონინგისა და ზიპლაინის ტურისტული პროდუქტები თავადვე გამოცადა. გადაცემა ,,FOCUS“-თვის მომზადებულ სიუჟეტში ყურადღება ბათუმის, როგორც უსაფრთხო, ტურისტებისთვის მიმზიდველ და სწრაფად განვითარებად ქალაქზე გაკეთდება, რომელიც ზღვასთან ერთად მოგზაურებს მთის მრავალფეროვან და საინტერესო ტურისტულ პროდუქტებს სთავაზობს.

ბათუმის შესახებ მომზადებული სიუჟეტი ევრონიუსის ეთერში სექტემბრის ბოლოს გავა და მას 160 ქვეყანაში მილიონობით მაყურებელი იხილავს. ევრონიუსის გადამღები ჯგუფის რეგიონში მოგზაურობას წინ უძღოდა აჭარის ერთთვიანი სატელევიზიო რეკლამა ევრონიუსზე, რომლის ფარგლებშიც ევრონიუსის მაყურებელი რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს ეცნობოდა.

აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული შესაძლებლობების რეკლამა აქტიურად მიმდინარეობს სამიზნე ქვეყნებში, რომელთა შორისაა პოლონეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვია, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონი მასპინძლობს წამყვანი მედიისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს სამიზნე ქვეყნებიდან, რომლებიც აჭარის შესახებ სტატიებს, სიუჟეტებსა და ბლოგებს აქვეყნებენ.

ასევე ნახეთ

სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა

სალომე ზურაბიშვილი ვესტმინსტერის სასახლეში, გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა. მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა …