პოლიტიკა

ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს, განიხილონ შემდგომი შემზღუდავი ზომები, როგორიცაა SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები, „რომლის მიზანიც „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტაა“

ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს, განიხილონ შემდგომი შემზღუდავი ზომები, როგორიცაა SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები, „რომლის მიზანიც „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტაა“.

ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, „ორმხრივად და კოორდინირებულად დააწესონ პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერების, თანამდებობის პირებისა და რეჟიმის ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ“.

„დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი გმობს სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე კანონმდებლობის მიღებას, რომელიც ხელს უწყობს შემდგომ პოლიტიკურ დევნას, ზღუდავს შეკრების უფლებას და კიდევ უფრო ამცირებს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციის თავისუფლად მოქმედების სივრცეს. მათ შორის რუსული სტილის უცხოელი აგენტების შესახებ კანონს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონს, ასევე მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ახალ შემზღუდავ ცვლილებებს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს საკანონმდებლო ცვლილებები; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ქცევა, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან მისი სტრატეგიული დაახლოება და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტების დაჩქარებული გამოყენება, ასახავს თავად რუსეთში განვითარებულ მოვლენებს.

შეშფოთებას გამოთქვამს არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმების ბოლო ტალღის და გარკვეული სახელმწიფო ინსტიტუტების, მაგალითად, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ წაყენებული მოთხოვნის გამო სამი სამუშაო დღის ვადაში მიაწოდონ ბოლო წელიწადნახევრის დეტალური ფინანსური, სამართლებრივი და ოპერატიული ინფორმაცია. ხაზს უსვამს, რომ ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და, შესაბამისად, სამიზნე ორგანიზაციების მუშაობის პარალიზებისა და მათი საქმიანობის შეჩერების საფრთხეს ჰქმნის“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ ბოლო თვეების განმავლობაში გაწეულ მუშაობას, უფასო იურიდიული დახმარების გაწევას, „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების დოკუმენტირებას და შიდა და საერთაშორისო სასამართლო პროცესებში ლიდერობის აღებას, რათა მიღწეულ იქნას სამართლიანობა და ანგარიშვალდებულება უწყვეტი თავდასხმების, სამოქალაქო სივრცის კრიმინალიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიების ფონზე“.

„ხაზს უსვამს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის გადაუდებელ აუცილებლობას მზარდი რეპრესიებისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობის შეჩერების ფონზე და შესაბამისად, სთხოვს კომისიას, გაზარდოს ფინანსური მხარდაჭერა და დაუყოვნებლივ გასცეს იგი; გამოდის მოწოდებით, კორექტირდეს ევროკავშირის დაფინანსების მექანიზმები უფრო მტრულ და ანტიდემოკრატიულ გარემოში წარმოშობილი საჭიროებების გათვალისწინებით და თანხები გადანაწილდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველების პირდაპირი მხარდაჭერისთვის; ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება“, გარდა იმისა, რომ უარყოფს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, ასევე უარყოფს ზოგადად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალსა და დემოკრატიულ სტანდარტებს, ამავდროულად სწრაფად მოძრაობს იმ ნეგატიური ტრაექტორიით, რომლის მოწმეც წარსულში რუსეთში გავხდით, ღრმად შეშფოთებულია, კერძოდ, იმით, რომ ამას კიდევ უფრო მეტი გავლენა ექნება ქალების, უმცირესობების, მიგრანტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ პირების, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანების და სხვა დაუცველი ან რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების უფლებებსა და კეთილდღეობაზე; მკაცრად გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის ოქტომბერში ანტი „ლგბტ“ კანონმდებლობის მიღებას, რომელიც ასახავს ავტორიტარულ, რუსული სტილის პოლიტიკას და არღვევს ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიას და მისი გაუქმების მოწოდებით გამოდის; მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის აპრილში გაუქმებული გენდერული კვოტების აღდგენისკენ.

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დემოკრატიული უკუსვლისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის საპასუხოდ ევროკავშირის მიერ დღემდე მიღებული ზომები არ ასახავს საქართველოში არსებული სიტუაციის სიმძიმეს და მის შედეგებს მთელ რეგიონში; წუხს პროაქტიული ზომების არარსებობის და საბჭოსა და კომისიის მხრიდან ზოგადად შეზღუდული და დაგვიანებული რეაგირების გამო; ხაზს უსვამს, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის ერთსულოვნების არარსებობა არ უნდა უშლიდეს ხელს შესაბამისი და ეფექტური ზომების მიღების მსურველებს ამის გაკეთებაში; მოუწოდებს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, სასწრაფოდ გააერთიანოს მსგავსი შეხედულებების მქონე წევრი სახელმწიფოები კოორდინირებული ქმედებების განსახორციელებლად და ამით გადალახოს პოლიტიკური დაბრკოლებები, რომელიც ხელს უშლის ევროკავშირის მასშტაბით სანქციების მიღებას.

მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, ორმხრივად და კოორდინირებულად დააწესონ პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ ძირითადი პოლიტიკური ლიდერების, თანამდებობის პირებისა და რეჟიმის ხელშემწყობი პირების მიმართ ადმინისტრაციაში, ბიზნესში, მედიაში, სასამართლო სისტემაში, სამართალდამცავ ორგანოებსა და საარჩევნო კომისიაში, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიული უკუსვლის, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე;

ასევე მოუწოდებს, სანქციები გავრცელდეს საშუალო და დაბალი დონის საჯარო მოხელეებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების განხორციელებაზე და შენარჩუნდეს სანქციები მანამ, სანამ საქართველოში დემოკრატია სათანადოდ არ აღდგება; მიესალმება ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიის, ჩეხეთის, გერმანიისა და პოლონეთის, ასევე მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორების, როგორიცაა შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, კანადა და უკრაინა, მიერ ორმხრივი სანქციების დაწესებას და მოუწოდებს ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებს, მათ მაგალითს მიჰყვნენ; მოუწოდებს განიხილონ შემდგომი შემზღუდავი ზომები, როგორიცაა SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები, რომლის მიზანიც „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტაა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, ევროპარლამენტი მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ქართველი დიპლომატებისა და თანამდებობის პირებისთვის, როგორც „პირველი ნაბიჯი საქართველოში მიმდინარე ნეგატიური მოვლენების საპასუხოდ“.

„კიდევ ერთხელ მოუწოდებს კომისიას და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს, მისი შეჩერების შესაძლებლობით, თუ მმართველი პარტიის ქმედებების გამო არ დაკმაყოფილდება დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესაბამისი სტანდარტები; ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება“ სრულად არის პასუხისმგებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებით გამოწვეულ ნებისმიერ შედეგზე; ხაზს უსვამს უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტებისთვის, როგორც ევროკავშირში გამგზავრებისთვის, რათა ევროპელ აქტორებს ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ასევე მათთვის ქვეყნის სწრაფად დატოვების შესაძლებლობის მისაცემად, რადგან ბევრ მათგანს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნა ემუქრება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე ნახეთ

პარლამენტი რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდეშეწყვეტის საკითხს განიხილავს

პარლამენტი მიმდინარე კვირის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელიც 1 და 2 ივლისს გაიმართება, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია