ევროპარლამენტმა საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში მიიღო, რომელშიც რეკომენდაციის სახით, რამდენიმე შესწორება შევიდა.
კერძოდ, ერთ-ერთ შესწორებაში აღნიშნულია, რომ „ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა განიხილებოდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე“.
დღეს მიღებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი: „რეკომენდაციას უწევს პირადი ინტერესების, განსაკუთრებით ოლიგარქისა და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრას სისტემურად სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების მეშვეობით, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორების მიმართ, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის, დააწესონ პირადი სანქციები ივანიშვილზე და ყველა იმ პირზე, რომლებიც ხელს უწყებენ და პასუხისმგებელი არიან დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე.
შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მოქალაქეები და ორგანიზაციები, სავარაუდოდ, იყენებენ საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად; მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს ამ ბრალდებების შემდგომი განხილვისკენ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის შესწავლისკენ. ეს ბრალდებები თუ დადასტურდება, ითხოვს პირადი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი თანამოაზრეების წინააღმდეგ და აღნიშნავს, რომ უკრაინამ კრემლთან კავშირების გამო, სანქციები დაუწესა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის ახლო თანამოაზრეებს, რომლებიც რუსეთის მიმართ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ორაზროვანი პოზიციის უკან დგანან; ამ კუთხით, მიესალმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მიღებას, რომელიც მოიცავს ახალი კრიტერიუმების ჩამონათვალს, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლას“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშის ავტორის, სვენ მიქსერის განცხადებით, ანგარიშში ასევე შევა შესწორება, რომლითაც რეკომენდაციით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ „სახალხო დამცველის მიერ 7 დეკემბერს გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე შეიწყალოს ნიკა გვარამია“.
ანგარიშს მხარი დაუჭრა 430-მა ევროპარლამენტარმა, 126-მა თავი შეიკავა, 52 წინააღმდეგი იყო.