პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი – ჩვენი პრიორიტეტია რაც შეიძლება მაღალ დონეზე უზრუნველვყოთ ჩვენი ემიგრანტი მოქალაქეების უფლებების დაცვა ადგილზე

ჩვენი მთავარი მიდგომა და პრიორიტეტი, ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, ისაა, რომ ჩვენს მოქალაქეებზე ვზრუნავთ, რომ რაც შეიძლება მაღალ დონეზე უზრუნველვყოთ მათი უფლებების დაცვა ადგილზე. აქედან გამოვდივართ და არ ვუყურებთ ჩვენს მოქალაქეებს ისე, როგორც მხოლოდ ადამიანებს, რომლებმაც ხმა უნდა მისცენ ამა თუ იმ პარტიას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის ფორმატით გამოსვლის დროს, უცხო ქვეყნებში საქართველოს საკონსულოებზე საუბრისას განაცხადა.

უფრო კონკრეტულად ინტერპელაციის ფარგლებში ოპოზიციის ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა იმას, იგეგმება თუ არა დამატებითი საკონსულოების შექმნა, რათა საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გაიხსნას და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისთვის ათასობით კილომეტრის გავლა არ მოუწიოთ.

მინისტრის განმარტებით, საკონსულო დაწესებულების გახსნა არ არის დაკავშირებული მხოლოდ არჩევნებთან და მას გაცილებით ფართო დატვირთვა აქვს.

„საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულების გახსნის წესსა და პროცედურას, საკონსულო დაწესებულების სახეობას, მის ფუნქციონალურ დატვირთვას და ორგანიზაციულ მოწყობას განსაზღვრავს „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია. აღნიშნული კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების გახსნა შეიძლება მხოლოდ ამ სახელმწიფოს თანხმობით. აღსანიშნავია, ასევე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობა საჭიროა მაშინაც, თუ რომელიმე გენერალური საკონსულო ან საკონსულო მოისურვებს გახსნას ვიცე-საკონსულო ან საკონსულო სააგენტო არა იმ დასახელებულ პუნქტში, სადაც თვითონ არის განლაგებული. აღნიშნული რეგულაცია დაკონკრეტებულია “საქართველოს საკონსულო დაწესებულების გახსნის წესის და ტიპობრივი დებულებით“. შესაბამისად, საკონსულო დაწესებულების გახსნის საკითხი წარმოადგენს კომპლექსურ საკითხს, რომლის განხილვისას, მხედველობაში მიიღება მასპინძელი ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებები, ადგილსამყოფელი ქვეყნის რეგულაციები და სხვა საკითხები. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, განსხვავდებოდეს გადაწყვეტილების მიღების ვადები, დაწესებულების ადგილსამყოფლის შერჩევის წესები და სხვა. როგორც წესი, დაწესებულების გახსნის წინადადების განხილვაში ჩართულია არაერთი უწყება და კონსულტაციები შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი მიმდინარეობდეს. რაც შეეხება თქვენს მიერ წერილში დასმულ საკითხს, ქ. ბარიში გენერალური საკონსულოს შესახებ, გაცნობებთ, რომ ქ. ბარიში საკონსულო დაწესებულების გახსნისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება დაიწყო 2019 წელს (მაშინ, როდესაც დასრულებული იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ციკლი), შესაბამისმა პროცედურებმა მოიცვა 7 თვიდან ერთ წლამდე პერიოდი. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საკონსულო დაწესებულების გახსნა არ არის დაკავშირებული მხოლოდ არჩევნებთან და მას გაცილებით ფართო დატვირთვა აქვს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ასევე ნახეთ

აქციის მონაწილეებმა გმირთა მემორიალთან მათ დადეს ფიცი, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ

ახალგაზრდული მოძრაობების, „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის წევრები გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია