განაში „მარბურგის“ მომაკვდინებელი ვირუსის პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა. ორივე პაციენტი ცოტა ხნის წინ, სამხრეთ აშანტის რეგიონის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ინფექციური დაავადების გამომწვევი „მარბურგის“ ვირუსი „ებოლას“ გამომწვევი ვირუსის ოჯახს მიეკუთვნება. დასავლეთ აფრიკის ქვეყნის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 98 ადამიანი ახლა კარანტინში იმყოფება, როგორც საეჭვო კონტაქტის შემთხვევები.
როგორც „ბიბისი“ წერს, „მარბურგის“ მკურნალობის კურსი ჯერ არ არსებობს, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ ბევრი წყლის დალევა და კონკრეტული სიმპტომების მკურნალობა აუმჯობესებს პაციენტის გადარჩენის შანსებს. ვირუსი ადამიანებს ხილიჭამია ღამურებიდან გადაეცემა და ადამიანებს შორის წვეთოვანი გზით ვრცელდება. ეს არის მძიმე, ხშირად ფატალური დაავადება, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა თავის ტკივილი, ცხელება, კუნთების ტკივილი, სისხლიანი ღებინება და სისხლდენა.
ოფიციალური პირები მოსახლეობას აფრთხილებენ, თავი შეიკავონ გამოქვაბულებთან კონტაქტისგან და საფუძვლიანად მოამზადონ ხორცპროდუქტები მათ გამოყენებამდე.
„მარბურგის“ დაავადების ისტორიაში პირველი აფეთქება მოხდა გერმანიაში 1967 წელს, სადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა. ვირუსმა 2005 წელს ანგოლაში 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.