პოლიტიკა

ომბუდსმენის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ბოლო დასკვნით, რომელიც 4 აპრილს გამოქვეყნდა, თებერვლის ვიზიტიდან, სააკაშვილის მდგომარეობა „დამძიმდა“.

ექიმებმა ყოფილი პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“, 2 აპრილს, არასამუშაო დღეს მოინახულეს, რის გამოც პაციენტის მკურნალ ექიმს ვერ ესაუბრნენ და ადგილზე სამედიცინო დოკუმენტაციას ვერ გაეცნენ.

ექიმების დასკვნით პაციენტს აქვს: მძიმე სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით. აგრეთვე, აღინიშნება პერიფერული და აუტონომიური ნეიროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას. „აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია”.

კონსილიუმის თქმით, სააკაშვილს კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე წონაში კიდევ 4 კგ აქვს დაკლებული და სისუსტის გამო გადაადგილება მნიშვნელოვნად უჭირს. წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 120/90-დან 78/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა.

ექიმების განმარტებით, პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში და მისი კრიტიკულ წონა 52-53 კილოგრამია, რის შემდეგაც „დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები“. „წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას“.

„ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანებისა/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით“, – ნათქვამია კონსილიუმის დასკვნაში.

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილი – პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია