პოლიტიკა

პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პლენარული სხდომის ბოლოს “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილა და 81 – მომხრე, 2 – წინააღმდეგი, მეორე მოსმენით მიიღო.

განსახილველად წარდგენილი იყო კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც აპრილის თვეში, ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების საფუძველზე გადამუშავდა და შეიცვალა.

პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მედიამომსახურებაზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს ფლობს. პროექტში გაწერილია სამივე კრიტერიუმის განმარტება.

პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება, ნაცვლად საქართველოს მთავრობისა.

ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება სრულყოფილი მოკვლევა ჩაატაროს, რათა გაარკვიოს პირი არის თუ არა ოლიგარქი. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არცნობის შესახებ სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება. გასაჩივრება გათვალისწინებულია ორი ინსტანციით.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს “სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლისთვის მაკორექტირებელი, დამატებითი კანონები და ზომები შეიმუშაოს, რომლებიც შემდეგ საკითხებს მოიცავს: – ეფექტური კონკურენტუნარიანი პოლიტიკის განხორციელება; უმაღლეს დონეზე კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება; სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების პლურალიზმის გაძლიერება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობა; ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პოლიტიკის დახვეწა, იურიდიული პირების და წარმონაქმნების გამჭვირვალობის ჩათვლით; პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების და კონტროლის არსებული მექანიზმების გაძლიერება; საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა – ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის ამაღლება.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია