ქორები გამოეყვნენ ყვავებს, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სამი დეპუტატის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებას სოციალურ ქსელში. აღნიშნულ დეპუტატებს გოცირიძე „ფარდისამხდელთა ჯგუფს“ უწოდებს. „პარლამენტში ფარდისამხდელთა ჯგუფი შეიქმნა. მათი პირით იღაღადებს ბიძინა“,- წერს გოცირიძე.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის წასვლა მმართველი პარტიის სისუსტის დემონსტრირებაა. როგორც ვაშაძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ ხედავს, რომ ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული მოახლოვდა და რაღაც არასტანდარტული ნაბიჯები უნდა გადადგან. ”პარლამენტის სხვა წევრებსაც, ვინც ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, მოვუწოდებ – დატოვეთ „ქართული ოცნება“, სანამ ანტიდასავლური წყალი არ გადმოგესხმებათ პერსონალურად თქვენც.”
”სამი ადამიანის წასვლა არის უნიკალური პარტიიდან ხალხის წამოსვლებს შორის, რაც აქამდე კაცობრიობას გაუკეთებია ” – ასე ეხმიანება “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია აღნიშნულს. “ამ თამამი ნაბიჯის შემდეგ ველოდები, რომ მთელი “ქართული ოცნება” „დაიშლება“ ერთი- ორი დღე სალაპარაკოდ და მერე ისევ შეიკრიბება. წინა ხაზზე წასვლა თუ პარტიიდან წასვლას ნიშნავს, ეს არ ვიცოდი აქამდე, არ ვიცი, შეიძლება ძველი ამბის გამო სჯიან ბატონ ხუნდაძეს, მოგესხნებათ, პროპორციული არჩევნების ჩაგდებაში მიუძღვის წვლილი, იქნებ ახლა გაუხსენეს ძველი ცოდვები?”