პოლიტიკა

რატი ბრეგაძე – მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების განმეორებით შესვლა „მარტივი არ იქნება”

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს პოლონელი ექიმებისგან მიხეილ სააკაშვილთან „ვივამედში“ განმეორებით შესვლის შესახებ მიმართვა არ მიუღია.

ბრეგაძემ ბრიფინგზე განმარტა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან პოლონელი ექიმების განმეორებით შესვლა „მარტივი არ იქნება“.

„ჩვენ მაქსიმალურად შევუწყვეთ ხელი ამ ადამიანებს, შესულიყვნენ და გაესინჯათ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი. ერთ-ერთი ექიმის მხრიდან განხორციელდა სრულიად გაუგებარი აქტი. ჩვენ მათი მხრიდან ჯერ არ გვქონია მომართვა განმეორებით შესვლაზე, თუმცა აწი ეს მარტივი არ იქნება, იმიტომ რომ მათ უხეშად ისარგებლეს ჩვენი კეთილგანწყობით და ყველანაირი ნორმა დაარღვიეს.

ეს ყველაფერი არის გადასახედი. ვთხოვე საგარეო საქმეთა მინისტრს, მოისმინოს პოლონეთის საელჩოს პოზიცია და თუ იქნება მოთხოვნა, ამაზე შემდეგში ვიმსჯელოთ, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, მარტივი ვეღარ იქნება და დარწმუნებული ვარ, ეს არავის გაუკვირდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პოლონელი ექიმის ქმედება იყო ეთიკის და სამედიცინო სამართლებრივი ნორმების უხეშად დარღვევა.

„შევეცდები კონკრეტიკაში არ შევიდე სხვადასხვა ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე. მსჯავრდებულისგან აღებული იყო გარკვეული ნიმუში და შემდგომში პოლონელმა ექიმმა, რომლის სახელსა და გვარსაც შეგნებულად ახლა არ დავასახელებ, ნიმუში გადაახვია ხელსახოცში და დამალა ფეხსაცმელში“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ სამინისტრო მოქმედებს ქართული კანონმდებლობის შესაბამისად.

„საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რომ სამართალი აღსრულდეს და მათ შორის სასჯელის აღსრულება არის სამართლის აღსრულება. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მსჯავრდებულ სააკაშვილის, ასევე ყველა სხვა პატიმრის უფლება დაცულია. როდესაც ვინმე ბედავს და საუბრობს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და მხოლოდ დაკვეთების და პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად თითქოს საქართველოში ვინმეს აწამებენ, ამაზე რამე სახის კომენტარი არის ზედმეტი. ჩვენ ვმოქმედებთ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ასევე ნახეთ

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია