პოლიტიკა

საქართველოს საბანკო ასოციაცია – საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს

საქართველოს საბანკო ასოციაციამ, კრედიტინფო საქართველომ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) ერთობლივად უმასპინძლეს ღონისძიებას, სადაც ციფრულ მონაცემთა დერეფნების ინიციატივა წარადგინეს.

საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, ციფრულ მონაცემთა დერეფნები საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფინანსური ჩართულობა მასპინძელ ქვეყნებში.

მათივე ცნობით, საქართველოში უკრაინელი ლტოლვილებისთვის ფინანსურ სერვისებზე წვდომის გასაადვილებლად, საკრედიტო ბიურომ კრედიტინფო საქართელომ საკრედიტო ისტორიების საერთაშორისო ბიუროსთან (CreditInfo Group, უკრაინა) ერთად ახალი პლატფორმის, ციფრულ მონაცემთა დერეფნის ამოქმედების შესახებ განაცხადა.

IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი ორგანიზაცია, მხარს უჭერს ამ ძალისხმევას თავისი საკონსულტაციო პროგრამით, რომელიც შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნო SECO-სთან და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდთან პარტნიორობით ხორციელდება. ციფრულ მონაცემთა დერეფნები ბიზნესისა და ფიზიკური პირების მონაცემების უკრაინიდან ევროპის სხვა ქვეყნებში გადატანის და უკრაინელების საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაციის გაზიარების საშუალებას იძლევა. ხელმისაწვდომი საკრედიტო ისტორიით, ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები კლიენტების შესახებ, უკრაინის საზღვრებს გარეთ.

როგორც კრედიტინფო საქართველოს გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე გომიაშვილმა განაცხადა, ციფრულ მონაცემთა დერეფნის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ათასობით იძულებით გადაადგილებული პირისთვის ფინანსებზე წვდომის მოსაპოვებლად.

„ციფრულ მონაცემთა დერეფანი ხელს შეუწყობს უკრაინელების ინტეგრაციას, რადგან ინიციატივა დაეხმარება ქართულ საფინანსო და არასაფინანსო სექტორებს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში და საბოლოო ჯამში ორივე მხარეს უკეთეს ბიზნეს შედეგებს მოუტანს“, – განაცხადა ალექსანდრე გომიაშვილმა.

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ციფრულ მონაცემთა დერეფანი იქნება ღირებული ინსტრუმენტი ფინანსური ინსტიტუტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით.

„მონაცემთა გაზიარების უსაფრთხო და მასშტაბირებადი პლატფორმის ამოქმედებით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დავეხმარებით ბანკებს ახალი ხედვის ჩამოყალიბებასა და უკრაინელი იძულებით გადაადგილებული ადამიანებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნაში, რომლებიც სხვაგვარად ხელმისაწვდომი ვერ გახდებოდა“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

სამხრეთ კავკასიაში IFC-ის რეგიონული მენეჯერის ივანა ფერნანდეს განცხადებით, ფინანსურ სერვისებზე წვდომა მასპინძელ ქვეყნებში ლტოლვილთა ინტეგრაციის გადამწყვეტი ელემენტია.

„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად იძულებით გადაადგილებული უკრაინელების დასახმარებლად, IFC-მ შეკრიბა საინფორმაციო სერვისების პროვაიდერების, საფინანსო ინსტიტუტებისა და ინდუსტრიის ექსპერტების კოალიცია ციფრულ მონაცემთა დერეფნების შესაქმნელად. ინიციატივა საშუალებას მისცემს უკრაინელებს მასპინძელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მიიღონ უფრო მარტივი წვდომა ფინანსურ სერვისებზე, მაგალითად საკრედიტო ბარათებსა და სესხებზე, რომლებიც მათ ახალ გარემოში სჭირდებათ,“ – თქვა ივანა ფერნანდეს დუარტემ.

ასევე ნახეთ

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – შსს-მ ხანძარის გაჩენასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია