პოლიტიკა

სამყაროს ყველაზე ღრმა ხედი ისტორიაში — ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი სრულყოფილი ფოტო

ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, NASA ისტორიაში ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპის, ჯეიმს ვების მიერ გადაღებულ პირველ სრულყოფილ, სამეცნიერო ღირებულების მქონე ფოტოს აქვეყნებს. სააგენტოს შეფასებით, ეს არის „ჩვენი სამყაროს ყველაზე ღრმა ხედი, რაც კი ოდესმე გადაუღია კაცობრიობას“. ამით ტელესკოპი უკვე ოფიციალურად შეუდგა სრულყოფილი სამეცნიერო ოპერაციების წარმოებას და კოსმოსის კვლევაში სრულიად ახალ ეპოქას დაუდო დასაბამი.

ვების პირველი სურათი თეთრ სახლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და NASA-ს ხელმძღვანელმა  ბილ ნელსონმა წარმოადგინეს.

პირველი შორეული დაკვირვებებისთვის, ვებმა გაიხედა ცის მონაკვეთისკენ, რომელსაც SMACS 0723-ს უწოდებენ და მდებარეობს სამხრეთის ცაზე, მფრინავი თევზის თანავარსკვლავედის მიმართულებით.

SMACS 0723 განსაკუთრებით კარგი სამიზნეა ამ სახის დაკვირვებებისთვის, რადგან იქ წინა ფონზე არის გალაქტიკების მასიური შეჯგუფება, რომელიც გიგანტური კოსმოსური გამადიდებელი შუშის როლს ასრულებს. უზარმაზარი მასის გამო, მათი გრავიტაცია გარშემო წარმოქმნის სივრცე-დროის გამოკვეთილ გამრუდებას და უფრო შორეულ ობიექტთა სინათლეზე აქვს გამადიდებლის ეფექტი.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველი ფოტო შორეული სამყაროს ყველაზე ღრმა და მკვეთრი ინფრაწითელი სურათია ამ დროისათვის. მას უკვე უწოდეს Webb’s First Deep Field-ი და წარმოუდგენელ დეტალებში ასახავს გალაქტიკათგროვა SMACS 0723-ს. ექსპოზიციის დრო 12,5 საათი.

ათასობით გალაქტიკა, მათ შორის ყველაზე მკრთალი ობიექტები, რომლებზეც ოდესმე ჩატარებულა დაკვირვებები ინფრაწითელ დიაპაზონში, ვების თვალების პირველი სამიზნე გახდა. ბევრ მათგანს საერთოდაც პირველად ვხედავთ. უკიდეგანო სამყაროს ეს მონაკვეთი ჩვენს ცაზე მხოლოდ იმხელა ადგილს იკავებს, რასაც ქვიშის მარცვალი, თუ მას ხელში დაიჭერთ და ცისკენ გაიშვერთ.  მანძილი ამ გალაქტიკათგროვამდე დაახლოებით 4,6 მილიარდი სინათლის წელია.

დაკვირვებისას გადაღებულ დანარჩენ ფოტოებს სააგენტო 12 ივლისს, თბილისის დროით18:30 საათზე წარმოგვიდგენს. ღონისძიება ასევე პირდაპირ ეთერში გადაიცემა NASA TV-ზე და სააგენტოს სოციალური მედიის არხებზე Facebook-ზე, Twitter-ზე და YouTube-ზე.

გადაღებულ ობიექტებს შორის იქნება:

  • გემის ხერხემლის ნისლეული — მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 7600 სინათლის წლის მანძილზე, სამხრეთის თანავარსკვლავედ გემის ხერხემლის მიმართულებით. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და კაშკაშა ნისლეულს დედამიწის ცაზე.
  • ეგზოპლანეტა WASP-96b — გიგანტური ეგზოპლანეტა, რომელიც ძირითადად აირებისგან შედგება. მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 1150 სინათლის წლის  მანძილზე და თავის ვარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას 3,4 დღეს ანდომებს. აქვს დაახლოებით იუპიტერის  მასის ნახევარი. აღმოაჩინეს 2014 წელს
  • სამხრეთის ბეჭდისებრი ნისლეული (NGC 3132) — ეს პლანეტური ნისლეული მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 2000 სინათლის წლის მანძილზე და წარმოადგენს დიდებულ, მანათობელ ბურთულას სამხრეთის ცაზე, იალქნების თანავარსკვლავედის მიმართულებით. სინამდვილეში, ეს ნისლეული წარმოადგენს სიკვდილის პროცესში მყოფი ორმაგი (ბინარული) ვარსკვლავის სუნთქვისშემკვრელ, ულამაზეს ნარჩენებს.
  • გალაქტიკათა ჯგუფი სტეფანის კვინტეტი — წარმოადგენს ჩვენგან 290 მილიონი წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკათა ჯგუფს ისეთ მჭიდრო ფორმაციაში, რომ თითქოს არარეალურს ჰგავს. სინამდვილეში, ხუთი გალაქტიკიდან მხოლოდ ოთხი ურთიერთქმედებს ერთმანეთთან, მეხუთე კი ჩვენთან გაცილებით ახლოს არის, 40 მილიონი სინათლის წლის მანძილზე.

ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს დროში ძალიან უკან, 13,8 მილიარდი წლის წინ მომხდარი დიდი აფეთქებიდან 100 მილიონი წლის შემდეგ პერიოდში შეხედვა შეუძლია. ამას ის თავის უზარმაზარი ძირითადი სარკეებისა და შორეული კოსმოსის უძველესი, გაწელილი ინფრაწითელი სინათლის დაფიქსირების უნარით შეძლებს.

ამ დროისათვის, ყველაზე ადრეული კოსმოლოგიური დაკვირვებები ჩატარებულია დიდი აფეთქებიდან 330 მილიონი წლის შემდეგ პერიოდზე; თუმცა, ვები ამ რეკორდს მოხსნის.

ვინაიდან სამყარო ფართოვდება, სამყაროს პირველი ვარსკვლავებისგან წამოსული სინათლე ულტრაიისფერი და ხილული სინათლის ტალღის სიგრძეებიდან უფრო გრძელ ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში წანაცვლდება, რასაც ჯეიმს ვები ჯერ არნახული დეტალებით დააფიქსირებს.

„თუ დაფიქრდებით, ეს იქნება ყველაზე შორს, სადაც კი ოდესმე გაუხედავს კაცობრიობას“, — აღნიშნა გასულ კვირაში NASA-ს ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა.

ასევე ნახეთ

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს

23-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება, ამის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია