პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების განკარგულებას. მოგვიახლოვდა გადაწყვეტილების დღე, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის. დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, რომელი პოლიტიკური ძალაა მის მსოფლმხვედლობასთან ყველაზე ახლოს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი დღევანდელი არჩევანი ეგზისტენციალურია, ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს. ამიტომაც, როგორც პრეზიდენტს, მე მაქვს ამ არჩევნებზე ჩემი სათქმელი. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი არჩევნები, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია, არაფერი მექნებოდა სათქმელი. უნდათ, დაგვარწმუნონ, რომ ეს იქნება ერთგვარი არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. ეს ტყუილია, რამეთუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება და არასოდეს არავინ არ ირჩევს ომს. დღეს საქართველოში არავის უნდა და არავინ ამზადებს ომს. იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, პრიორიტეტებისა და მიზნების ბუნდოვანება და აღრევა კი ზრდის მტრის მადას, ანუ ომის საფრთხეს. სამაგიეროდ, მხნეობა, ერთიანობა, სიცხადე მოყვარესთან თუ მტერთან, ყველაზე კარგი თავდაცვა არის ქვეყნის უსაფრთხოებისა. სამაგიეროდ, ის კი მართალია, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება, და მე ამას ვამბობ პირველი დღიდან,  რეფერენდუმის ტოლფასი – ევროპა თუ რუსეთი.

გადასაწყვეტი გვაქვს მთავარი, ვინ ვართ, რანი ვართ, საით მივდივართ და რა გვინდა – წარსული თუ წინსვლა, თავისუფლება თუ მონობა, დიქტატურა თუ დემოკრატია, ერთპარტიული ძალაუფლება თუ მრავალპარტიული ხელისუფლება, იდენტობის დაცვა და გაძლიერება თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ბედი, ღირსება თუ უპრინციპობა, ქრისტიანული შემწყნარებლობა თუ რუსული ძალადობა, სხვისი აუტანლობა, დამოუკიდებლობა თუ ოკუპაცია, ხილული იქნება ეს თუ უხილავი. იშვიათად თუ გვქონია საქართველოს ისტორიაში ასეთი საშუალება, რომ საკუთარი ბედი გადავწყვიტოთ მშვიდად, გარკვეულად, ომის და დაპირისპირების გარეშე, საკუთარი ნების გამოხატვით. სწორედ იმიტომ, რომ არ გვინდა ომი, არც შიდა დაპირისპირება, აუცილებელია, არჩევნებით ვთქვათ სათქმელი, გამოვხატოთ ხალხის ნება ისე ღიად და ისე ნათლად, რომ ვერავინ სცადოს ამ ნების წინააღმდეგ წასვლა. სტაბილურობა ასე შენარჩუნდება. ეს მოითხოვს თქვენგან სრულ მობილიზაციას, ძალით მოხვეული შიშების გაფანტვას და საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას.

29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა, ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს, საკუთარ ახალგაზრდობას და ქვეყნის პატრიოტებს შიგნით, გარეთ კი ჩვენს ერთგულ პარტნიორებს. ყველას ცალ-ცალკე და ყველას ერთად მოღალატეობა დააბრალა. მაშინ დავდექით უპირობოდ ჩვენი მომავლის გზასაყარზე და სასიცოცხლო არჩევანის წინაშე – ან იქნება ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი და მართლაც ღირსეული მომავალი, ან დაბრუნება წარსულში, ჩაძირვა რუსეთის მარწუხებში, რომელიც დღითიდღე საკუთარ უსასტიკეს და დაუნდობელ სახეს ამჟღავნებს. არჩევანია, მართლაც რუსული დაუნდობლობისა და ქართულ საუკუნოვან შემწყნარებლობას შორის. ყოველდღიურად საქართველო მაგალითს იძლევა ამ შემწყნარებლობის, თუნდაც რუსი ტურისტების თუ სხვანაირად შემოსული უამრავი, ათასობით ადამიანის წინაშე. არჩევანია რევანშიზმსა, დაუნდობლობასა და სასამართლოთი დაცული ადამიანის უფლებებს შორის.

მცხეთიდან საარჩევნო კამპანია გაიხსნა, საკუთარ ხალხს გამარჯვების შემთხვევაში დაჰპირდნენ შურისძიებას, შევიწროებას, სხვა აზრის მქონე ადამიანთა დევნას, თავისუფალი პროტესტის შეზღუდვას, პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას. მოკლედ რომ ვთქვათ, დაგვპირდნენ ერთპარტიულ, ერთპიროვნულ დიქტატურას, დაგვიხატეს სამომავლო საქართველო, სადაც ერთ მუჭა ადამიანებს ექნებათ ყველა უფლება, სხვებს კი რაღა დარჩებათ, თუ არა ერთი უფლება – ქვეყნიდან წასვლის უფლება. არჩევანი იქნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის. რუსეთთან უღირსი კომპრომისებისა და რეალურად სულის გაყიდვის ფასად დამორჩილება თუ ევროპაში თანასწორუფლებიან ქვეყნად წარდგენა და იქ ჩვენი სახელის, ისტორიის, მიწის და შესაძლებლობების გატანა, საქართველოს სათანადოდ წარმოჩენა, თავისუფალ, მშვიდობიან გარემოსა და სამყაროში. ეს არჩევანი მეორედ არ დაგვიდგება. ჩვენი გადასაწყვეტია დღეს.  ეს არჩევნები საკმაოდ რთულ პირობებში ჩატარდება. უკვე გვესმის ხელისუფლების ყველა დონეზე გაჟღერებული მუქარა, გვაშინებენ კანონით, ხან მახვილით, ხან დაჭერებით, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რამეთუ არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ხალხის წინააღმდეგ წავა და გაიმარჯვებს. იმ შემთხვევაში თუ ყველა გაიაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას, თუ საზოგადოება სრულად მობილიზებული იქნება, მაშინ ხმებიც, სტაბილურობაც და მომავალიც სრულიად დაცული იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა დროა მხოლოდ გადარჩენის, ახალი რეალობის შექმნის, ევროპის გზაზე დაბრუნების.

„ეს არჩევნები ცალ-ცალკე არცერთი პოლიტიკური პარტიის მოსაგები არ არის. ასეთია მოცემულობა. პარტიებს არც დრო, არც პირობები არ ჰყოფნით იმისთვის, რომ თავისუფლად მოემზადონ, დაფინანსდნენ და გაიმარჯვონ თავისუფლად. დროა მხოლოდ გადარჩენის, ახალი რეალობის შექმნის, ევროპის გზაზე დაბრუნების, ვიდრე კიდევ გველოდებიან, თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნის. ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს, ერთ წელიწადში შეიცვალოს კლანური მოცემულობა სასამართლოში. საარჩევნო გარემოს დავუბრუნოთ კონკურენტუნარიანობა. ამ დროს მთავრობა შეუდგება მთავარს, პარტნიორებთან ნდობის და საერთო პროექტების აღდგენას და გაწევრიანების მოლაპარაკებების პერსპექტივის დაბრუნებას. ეს არის გეგმა, ერთადერთი გეგმა, რეალური და შესრულებადი, რაც უნდა შევძლოთ ერთ წელიწადში, რათა დავაბრუნოთ საქართველო საკუთარ გზაზე. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი აცნობიერებს, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაგრამ იმასაც, რომ ნიჰილიზმის დრო არ არის. ახლა დროა შემართების და იმის, რომ ყველანი არჩევნებზე წავიდეთ. იმედის დაკარგვა ეს არ არის ის, რაც ახასიათებს საქართველოს. ეს არ მომხდარა საუკუნეების მანძილზე ფერეიდანში გადასახლებულთა შორის, ეს არ მომხდარა საბჭოთა ოკუპაციისგან წასულ ემიგრაციაში, ეს არ მომხდარა თუნდაც 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისა და მისი დამარცხების შემდეგ, ეს არ მომხდარა ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ და ეს ტრაგედია მხოლოდ პრემიერისთვის არის მოცემულობა, ჩვენთვის კი შეუგუებლობა. უმძიმესი დღეები გაუვლია საქართველოს, თუმცა უიმედობას არ გაუმარჯვია. პირიქით, როცა ვკითხულობთ, რამ მოიყვანა ეს ქვეყანა დღემდე და შეინარჩუნა მისი თვითმყოფადობა, სწორედ ეს საოცარი რწმენა მომავლისა არის ჩვენი საიდუმლო. ეს მათქმევინებს დღეს, რომ მჯერა და მწამს, ასეთი არჩევანის წინაშე არავინ აღმოჩნდება გულგრილი, არავინ დარჩება სახლში. იქნება ეს ჩვენს დიასპორაში თუ აქ, ქვეყანაში. 26 ოქტომბერს არის ის არჩევნები, როდესაც თქვენ საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას აძლევთ ხმას. აძლევთ ხმას ქვეყნის მომავალს და ისეთ მომავალს, რომელიც წარსულს არ შეურაცხყოფს. ვერავინ მოატყუებს ქართველ ხალს, ვერც ფსევდოპროევროპულობით და ვერც ყალბი პატრიოტიზმით. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, 26 ოქტომბერს თავის სათქმელს იტყვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე ნახეთ

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ახალაშენებული კორპუსების 80-90% აქვთ შეძენილი

საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონებით უცხოელების ინტერესი ბოლო რამდენიმე წელია იზრდება, რაც შესაძლო დემოგრაფიული პრობლემის წინაშე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია