პოლიტიკა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პიროვნება დააკავეს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს, – ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

  დაკავებულთა შორის არიან თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი, „გრინსერვის პლუსის“ ორი თანამშრომელი, „ნიუ მეტალ დიზაინის“ თანამშრომელი, „მშენექსპერტის“ დირექტორი და ორი კერძო ელექტროშემდუღებელი.

 „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.

  გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მდებარე შადრევნისა და შადრევნის კასკადის სამუშაოების წარმოების შესახებ.

  2022 წლის 26 აგვისტოს კი, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა შადრევნებზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი.

 ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ – გ.ვ.-მ, შპს „გრინსერვის +“-ის მენეჯერს – ა. მ.-ს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით.

 ა. მ.-მ აღნიშნულის შესახებ აცნობა შპს „გრინსერვის +“-ის დირექტორს – ლ.ფ.-ს, რომელმაც თავის მხრივ დაავალა მას, რომ აღნიშნული სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის – შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენლის – ლ. ჭ.-სთვის.

 ლ.ჭ.-მ თავის მხრივ სამუშაოების შესრულება დაავალა კერძო ელექტროშემდუღებლებს – გ.გ.-ს და ვ.გ.-ს., ხოლო მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველობა და კონტროლი დაევალა შპს „გრინსერვის +“-ის სამუშაოთა მწარმოებელს – ბ. მ.-ს.

 2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.

 „გრინსერვის +“-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.

 თავის მხრივ, „გრინსერვის +“-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა – ლ. ჭ.-მ არ გადაამოწმა თავის მიერ დაქირავებული ელექტროშემდუღებლების შესრულებული სამუშაო, ხოლო, „გრინსერვის +“ – ის საქმეთა მწარმოებელმა – ბ. მ.-მ არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.

 ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო.

 

 

ასევე ნახეთ

შსს- სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია