რუსულმა ჯარებმა წუხელ უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, – ამის შესადებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა მაღაზიები, სასტუმრო და დაახლოებით 13 ავტომობილი. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი.
ამასთან, გუშინ რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქი დაბომბეს. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ არტიუხის თქმით, არიან დაშავებულები და დაღუპულები.
თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა.
“რუსეთმა სუმის ოლქს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა. არიან დაშავებულები, სამწუხაროდ, არიან დაღუპულები. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ოჯახი და მეგობრები დაკარგა”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი აუცილებლად აგებს პასუხს ამ ბოროტებაზე.