უკრაინამ გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტების 41 შეტევა მოიგერა. ბახმუტი და მარინკა ისევ ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებად რჩება – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია ნათქვამი.
მათივე განცხადებით, რუსულმა ძალებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს ჩერნიგოვის ოლქის ლიზუნოვკას დასახლებაზე მართვადი ბომბებით. თავდასხმის შედეგად ბავშვი გარდაიცვალა. ამას გარდა, რუსებმა ჩერნიგოვის ოლქის კიდევ რამდენიმე დასახლება დაბომბეს.
„ლიმანის მიმართულებით მტერმა წარუმატებელი შეტევა განახორციელა ნოვოსელოვკისა და ბელოგოროვკის რაიონებში. რუსებმა ავიადარტყმა მიაყენეს ბელოგოროვკას, გრიგოროვკასა და სპორნოეს. რუსეთის ფედერაციის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა ლუგანსკის ოლქის მაკიივკას, დიბროვასა და ბელოგოროვკას დასახლებები და ვერხნეკამენოესა და სპორნოეს დასახლებები დონეცკის ოლქში“, – აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე შეტევის განხორციელებას ცდილობს და ბახმუტში ბრძოლა გრძელდება. ამასთან, რუსებმა სცადეს წინსვლა პრედტექინოს დასახლების მიმართულებით და საჰაერო დარტყმა განახორციელეს ბახმუტსა და ბელაია გორაზე.
„ავდიივკას მიმართულებით მტერმა შეტევა წამოიწყო სევერნოესა და პერვომაისკოეს დასახლებების რაიონებში, მაგრამ წარუმატებლად. დამპყრობლებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს ავდიივკაზე და დონეცკის ოლქის ლასტოჩკინოს, სევერნოიეს, პერვომაისკოესა და კარლოვკას დასახლებები დაბომბეს“, – გამაცხადეს გენშტაბში.
გენშტაბის ინფორმაციით, კვლავაც გრძელდება უკრაინის პოზიციებზე შეტევა და მარინკასთვის ბრძოლა რუსული ძალების მიერ.