უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის თქმით, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად საკუთარი წარმოების იარაღს გამოიყენებს.
ზალუჟნიმ ამის შესახებ Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
გამოცემა წერს, რომ ზალუჟნის მთავარი კითხვა და ამოცანაა “როგორ შევამციროთ ზარალი? როგორ შევამცირო ზარალი?”
ყოველ დილით, მთავარსარდალი იმის გარკვევას იწყებს, თუ რამდენი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა წინა დღით მის მიერ გაცემული ბრძანების შესრულებისას.
ხანდახან მობილურ ტელეფონზე ხვდება უკვე დაღუპული ადამიანების კონტაქტები და ის უარს აცხადებს მათ წაშლაზე. მისამძიმრებას აყოვნებს ხოლმე, რათა გლოვამ არ გაუფანტოს ყურადღება მნიშვნელოვანი საქმისგან.
იარაღის ნაკლებობის, ახალი დასავლური ავიაციის არარსებობის და გრძელი რადიუსის რაკეტებისთვის მოკავშირეების მიერ დაყენებული პირობების გამო (ამ შეიარღების გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე არ შეიძლება – რედ.), ზალუჟნის თქმით, “უკრაინა უკრაინული წარმოების იარაღს იყენებს საზღვრის მიღმა ხშირი დარტყმებისთვის, რასაც კიევი ოფიციალურად არ აღიარებს.”
“ჩემი ხალხის გადასარჩენად რატომ უნდა ვთხოვო ვინმეს ნებართვა, რა გავაკეთო მტრის ტერიტორიაზე? რატომღაც უნდა ვიფიქრო, რომ იქ არაფრის კეთების უფლება არ მაქვს. რატომ? იმიტომ, რომ პუტინი… ბირთვულ იარაღს გამოიყენებს? ბავშვებს, რომლებიც კვდებიან, ეს არ აინტერესებთ…
ეს ჩვენი პრობლემაა და ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოვკლათ მტერი. ომში შეგიძლიათ და უნდა მოკლათ მტერი მის ტერიტორიაზე. თუ ჩვენს პარტნიორებს იარაღის გამოყენების ეშინიათ, ჩვენ ჩვენი იარაღით მოვკლავთ. მაგრამ მხოლოდ იმდენს, რამდენიც აუცილებელი იქნება.” – აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.