პოლიტიკა

ბოლო 24 საათში ბრიტანეთის მთავრობაში მომუშავე სულ მცირე 32-მა მოხელემ დატოვა თანამდებობა

ბოლო 24 საათში ბრიტანეთის მთავრობაში მომუშავე სულ მცირე 32-მა მოხელემ დატოვა თანამდებობა. ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.

ხელისუფლებიდან წასული საჯარო პირების განცხადებით, მათ აღარ აქვთ ნდობა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიმართ, რომელსაც მთავრობა კრიზისში შეჰყავს.

გუშინ თანამდებობები დატოვეს ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა. ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ მას არსებულ მინისტრთა კაბინეტში კეთილსინდისიერად მუშაობის გაგრძელება აღარ შეუძლია.

როგორც მედია წერს, მინისტრების გადადგომა სექსუალურ სკანდალს უკავშირდება, რომლის გამოც ბრიტანეთის პრემიერმა ბოდიში მოიხადა. საქმე ეხება „კონსერვატორების“ პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. ბორის ჯონსონის განცხადებით, ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა.

გადადგომის შემდეგ გამოქვეყნებულ წერილში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ბორის ჯონსონთან დაკავშირებით წერს: „დანანებით უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ნათელია, ეს სიტუაცია არ შეიცვლება თქვენი ხელმძღვანელობით და ამიტომ თქვენც დაკარგეთ ჩემი ნდობა“. ამავდროულად, ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, რომ საზოგადოება სამართლიანად მოითხოვს, მთავრობამ იმუშაოს კომპეტენტურად და სერიოზულად.

ასევე ნახეთ

„დიდი შვიდეულის“ იუსტიციის მინისტრები უკრაინაში სამხედრო დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავენ

როგორც ცნობილია, გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ იუსტიციის მინისტრები უკრაინაში სამხედრო დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავენ. კონფერენციის …