პოლიტიკა

სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი კელი დეგნანს მიმართავენ – თქვენი განცხადებებიდან და დუმილიდან შეგვიძლია, გამოვიტანოთ მყარი დასკვნა, რომ შეხვდით ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ და რთული გამოსაცნობი არაა, რა გზავნილიც გექნებოდათ

საქართველოს პარლამენტის წევრები, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავენ.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების ერთობლივ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მოგმართეთ ღია წერილით და რამდენიმე კითხვით, რომელიც ქართული საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანია. თუმცა, სამწუხაროდ, არცერთ ჩვენს კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჩვენს მიერ კითხვების დასმის მიზანი არა აშშ-ზე თავდასხმა, არამედ სწორედ მისი დადებითი იმიჯისა და რეპუტაციის დაცვა გახლდათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ქართულ საზოგადოებას არ დაეკარგა ნდობა სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ეჭვის დონეზეც კი არ დაეშვა, რომ მისი მიზანი ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება და უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის შედარებით უკეთ შესაკავებლად, საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა. ვფიქრობდით, რომ ამგვარი ეჭვის გაღრმავების შემთხვევაში, დასავლური ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების მაღალ ნდობას, რომლის გამყარებაშიც საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, უმძიმესი ზიანი მიადგებოდა. ჩვენი უმთავრესი მიზანი სწორედ აშშ-ს მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევის თავიდან აცილება და დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციული ზიანის პრევენცია იყო. სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ თავი ვალდებულად, თქვენთვის დაგვესვა რამდენიმე შეკითხვა, რომელზეც, შეურაცხყოფის ნაცვლად, მკაფიო პასუხების მიღებას ველოდით.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ აღნიშნული შეკითხვების შინაარსს:

ჩვენ გვაინტერესებდა, ემიჯნებოდით თუ არა ქართველი რადიკალების, მათი უცხოელი ლობისტებისა და უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლების რიტორიკას, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ იყო მიმართული (სათითაოდ აღარ გავიხსენებთ გიგაურის, ლომჯარიას, უსუფაშვილის, მარგველაშვილის, ჩერგოლეიშვილის, ჭიაბერაშვილის, მშვილდაძის, სანაიას, პოდოლიაკის, არესტოვიჩის, გონჩარენკოს, დანილოვის, არახამიას, კასიანოვის, ილვესის და სხვების პირდაპირ თუ ირიბ მოწოდებებსა და განცხადებებს, რომლებიც საქართველოში ომის იდეის მომწიფებას ისახავდა მიზნად; აღარ გავიხსენებთ არც სანქციების დაწესებასთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებულ უმძიმეს პროვოკაციებს; აღარ გავიხსენებთ არც ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას სანქციების არდაწესებისა და მოხალისეების არგაგზავნის გამო). ქალბატონო ელჩო, ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ფაქტებს თქვენ ტყუილი უწოდეთ, თუმცა, ჩვენს მიერ ნახსენები ყველა განცხადება საჯარო სივრცეში გაკეთდა და ისინი მედიამ ფართოდაც გააშუქა. შეკითხვაზე პასუხის არგაცემით, თქვენ დაგვიტოვეთ ერთადერთი დასკვნის გამოტანის საშუალება, რომ ომის რიტორიკას არათუ არ ემიჯნებით, არამედ მისი წახალისება თქვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა. ჩვენი ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ ნინო ლომჯარიასთან თქვენი დემონსტრაციული შეხვედრაც ამის უტყუარი მტკიცებულებაა. ჩვენი ეს ლოგიკური დასკვნა თავად ლომჯარიამაც დაადასტურა, როდესაც თქვა, რომ თქვენი შეხვედრა მისთვის მხარდაჭერის ღიად დაფიქსირებას ისახავდა მიზნად. ლომჯარიასთან შეხვედრით ქართულ საზოგადოებას თქვენ ღიად უთხარით, რომ საქართველოს მიერ სანქციების არდაწესებასა და საქართველოში „ბომბების ცეცხლს“ შორის უპირატესობას თქვენც საქართველოში ბომბების ცეცხლს ანიჭებთ. ალბათ, ხვალ კიდევ ერთ თქვენს ფავორიტს, ეკა გიგაურსაც შეხვდებით, რომელმაც სათქმელი კიდევ უფრო ნათლად გამოხატა და განაცხადა, „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთო“. აქვე გავიხსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ თქვენ ნიშანდობლივი განცხადება გააკეთეთ – „როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგო“. ომის რიტორიკის ღია მხარდაჭერის ფონზე, ეს ფრაზა საბოლოოდ ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ რადიკალების მიერ წარმოებული კამპანიის მხარდაჭერა არა თქვენი პოლიტიკური სუბიექტივიზმის, არამედ წინასწარ მოფიქრებული გეგმის გამოხატულებაა;

ჩვენი მორიგი შეკითხვა ბაკურიანის შეკრებას შეეხებოდა. გვაინტერესებდა, ემიჯნებოდით თუ არა ამ შეკრებას, სადაც რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ენჯეოებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ამერიკიდან ჩამოსული პიტერ აკერმანი რევოლუციის მოწყობაში ატრენინგებდა. ასევე გვაინტერესებდა, ემიჯნებოდით თუ არა ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა მიერ მოგვიანებით დაყენებულ მოთხოვნას ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ. ამ კითხვაზე პასუხის მოსმენა საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებით, რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებმაც სცენიდან აღნიშნული მოთხოვნა წამოაყენეს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფულით ფინანსდება. თუმცა, ამ კითხვებზე თქვენი პასუხი არ მოგვისმენია, რასაც იმის დასტურად აღვიქვამთ, რომ, სამწუხაროდ, ბაკურიანის შეკრებასაც ქმედითად თანაუგრძნობდით და მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნასაც მხარს უჭერდით;

როგორც მოგეხსენებათ, ჯერ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ტელევიზიების, ხოლო, მოგვიანებით, მოსამართლეების მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ: ა) მოსამართლე ჩხიკვაძე დაიბარა თქვენი საელჩოს თანამშრომელმა; ბ) საელჩოს თანამშრომელმა მოსამართლე ჩხიკვაძეს თქვენი სახელით მოსთხოვა ანგარიში გვარამიას საქმის შესახებ; გ) შეხვედრის დასრულებისას, საელჩოს თანამშრომელმა მოსამართლე ჩხიკვაძეს აცნობა რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტიდან მისი მოხსნის შესახებ. ჩვენ დავინტერესდით, ადასტურებდით თუ არა ამ ფაქტს, რომელიც, ერთმნიშვნელოვნად, საქართველოს კონსტიტუციისა და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უხეში ხელყოფაა. სასურველი იყო, თქვენგან ამგვარი შესაძლო ფაქტის უარყოფითი შეფასებაც მოგვესმინა, რაც საზოგადოებას გაუმყარებდა რწმენას, რომ ამერიკის საელჩოს არცერთი თანამშრომელი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და სისტემაში კლანური ელემენტების შეტანას მომავალში მაინც არ ეცდება და არ იკადრებს. თუმცა, თქვენ ეს ფაქტი არც უარყავით და არც შეაფასეთ, რამაც საბოლოოდ გაგვიმყარა რწმენა, რომ ჯერ ნაციონალური მოძრაობის, ხოლო შემდეგ მოსამართლეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა და თქვენ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ესოდენ უხეში ჩარევა ნორმად გინდათ წარმოგვიჩინოთ;

და ბოლოს, ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი შეკითხვაზე, გქონდათ თუ არა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას მოჰფენდა ნათელს და მრავალ ეჭვს გაფანტავდა, მათ შორის გარკვეულწილად მაინც გააქარწყლებდა ეჭვს შვეიცარიული ბანკის ქმედებებსა და ომში საქართველოს ჩართვის ინტერესს შორის შესაძლო კავშირის შესახებ. თუმცა, თქვენს მიერ შეკითხვის უპასუხოდ დატოვება ამ ეჭვს, პირიქით, საბოლოოდ გვიმყარებს.

რომ შევაჯამოთ, თქვენი განცხადებებიდან და დუმილიდან შემდეგი მყარი დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ:

თქვენ არათუ არ ემიჯნებით ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერთ და თავად აღვივებთ მას;

თქვენ თანაუგრძნობთ ბაკურიანის რევოლუციურ შეკრებას და იზიარებთ მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის ფორმირების მოთხოვნას;

თქვენ ადასტურებთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და მეტიც, იწონებთ მას;

თქვენ შეხვდით ბიძინა ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ და რა გზავნილიც გექნებოდათ მისთვის გადასაცემი, რთული გამოსაცნობი არაა.

რადგან გაქვთ იმის პრეტენზია, რომ ქართულ პოლიტიკაში და მართლმსაჯულებაში აქტიურად შეგიძლიათ ჩაერიოთ, ბუნებრივია, ქართული საზოგადოების წინაშე სათანადო ანგარიშვალდებულებასაც უნდა აცნობიერებდეთ. თუმცა, ჩვენს ლეგიტიმურ შეკითხვებზე პასუხის გაცემას თქვენ საქმეში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჩართვა არჩიეთ. როდესაც ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარების ლეგიტიმურ კითხვებს გაურბიხართ, სიმართლის გაგებას გვიკრძალავთ და ჩვენი გაჩუმება გინდათ, ეს თქვენს დამოკიდებულებას სუვერენული სახელმწიფოს მიმართ ცხადად აჩვენებს. ნამდვილი პარტნიორები, რომლებიც პატივს სცემენ მეგობარ ხალხს, სახელმწიფოს, მის სუვერენიტეტს და ინსტიტუტებს, ასე არ იქცევიან. ამასთან, თავად ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის დონეზე თქვენი დაცვა გადაწყდა, ჩვენ ერთ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის – ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, არა თქვენი პერსონალური გადაწყვეტილებები, არამედ საქართველოს მიმართ ამერიკის დღევანდელი სტრატეგიაა.

იგივე ეხება მეორე ფრონტის საკითხსაც. რა თქმა უნდა, სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული შეღავათი იქნებოდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ამარაგებთ უკრაინას იარაღით და შესაბამისად, უკრაინაში რუსეთის სამხედრო უპირატესობის განეიტრალება თქვენთვის პრინციპული ამოცანაა. გარდა ამისა, გვესმის, რომ მეორე ფრონტი დამატებით შეარყევდა რუსეთის იმიჯს, რაც ევროპულ ქვეყნებს უკრაინის ფრონტის დახმარების მოტივაციას შეუნარჩუნებდა. თუმცა, როდესაც ამგვარი მიზანი გამოძრავებს, უნდა გაბედო და ქართველ ხალხს ეს ღიად უნდა უთხრა. რაც მთავარია, ხალხს არჩევანის საშუალება უნდა მისცე და მის ზურგსუკან, კულისებში მისი ხელისუფლების დარწმუნებას თუ იძულებას არ უნდა ეცადო. იმასაც ვიტყვით, რომ გვაქვს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საუბრები იმართებოდა კონკრეტულ კაბინეტებში, თუმცა, ამ საუბრების დეტალების გასაჯაროებისგან კვლავაც თავს შევიკავებთ.

აქვე ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ამერიკის ელჩმა არ გაგვცა პასუხი შეკითხვაზე შეხვედრასთან დაკავშირებით, თავად უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა მასსა და კელი დეგნანს შორის 24 თებერვლის შემდეგ და თუ გაიმართა, ვისი ინიციატივით და რა საკითხი იქნა მასზე განხილული.

ჩვენ ვინარჩუნებთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ ბოლომდე დაიცავს პოზიციებს და არ ჩაერთვება ისეთ ომში, რომელსაც გლობალური მიზნებისთვის გარკვეული უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას სრულ განადგურებას უქადის. თუმცა, იმისათვის, რომ მოვლენების სხვაგვარი სცენარით განვითარების მინიმალური რისკიც არ დავუშვათ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მაქსიმალური აქტიურობა და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმაა საჭირო, რაზეც მომავალშიც მაქსიმალურად ვიზრუნებთ“, – ნათქვამია ერთობლივ წერილში.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია