პოლიტიკა

ადვოკატი: სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების საკითხებზე დოკუმენტები, რომლის საჯაროდ გამოტანასაც აპირებდა, დღის სინათლეს მაინც იხილავს

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი წინასწარი მოთავსების იზოლატორში ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ მოინახულა. ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულს ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია.

ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატმა განაცხადა, რომ სოსო გოგაშვილის გზავნილი ოჯახის მიმართ არის, რომ თავს კარგად გრძნობს, არის მხნედ და ბრძოლისუნარიან განწყობაზე. ადვოკატი ამბობს, რომ სოსო გოგაშვილი დაკავებას უკავშირებს ბოლო პერიოდში მის მიერ წამოწყებულ საქმიანობას.

„ეს საქმიანობა ეხება არჩევნების გაყალბების საკითხებს; როგორც თავად აცხადებს, მუშაობდა ამ თემაზე და კონკრეტულ სქემებზე. როგორც ამბობს, აქვს კონკრეტული შემაჯამებელი დოკუმენტი და სქემები, თუ კონკრეტულად რა და როგორ ხორციელდებოდა არჩევნების პროცესში. აღნიშნული დოკუმენტის საჯაროდ გამოტანას აპირებდა რამდენიმე დღის განმავლობაში და როგორც აცხადებს, ეს დოკუმენტი დღის სინათლეს მაინც იხილავს. ამ ყველაფრის პრევენციისათვის მოხდა მისი დაკავება. თუმცა, როგორც გითხარით, ის აპირებს სიმართლისთვის იბრძოლოს“, – აცხადებს ჩინჩალაძე.

ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ გოგაშვილის დაკავების პროცესში ბევრი სავარაუდო დანაშაულია ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, რის შესახებაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აყენებენ საქმის კურსში. ადვოკატმა კიდევ ერთხელ ისაუბრა დაკავებულის მეუღლის მონათხრობთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, სოსო გოგაშვილის დაკავებამდე დაინახა, ერთ-ერთი პირი როგორ იდებდა ლეპტოპს ზურგის არეში, საქამრეში და შემდეგ ეს ლეპტოპი, სხვა მეხსიერების ბარათებთან ერთად, ამოიღეს გოგაშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად.

„ასევე, დაკავების პროცესში განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა. ვიზუალური დაკვირვებითაც ეტყობა, რომ სახის მარჯვენა მხარე აქვს შეშუპებული; ასევე წელის არეში წიხლებით მოხდა ფიზიკური დაზიანებების მიყენება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – სოსო გოგაშვილს ხელები უკანა მხარეს რომ ჰქონდა შეკრული, გაშლილ ხელებზე უდებდნენ კონკრეტულ იარაღს, სავარაუდოდ ანაბეჭდებისა და დნმ-ის გადატანის მიზნით, ამ დროს მოხდა სოსო გოგაშვილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა; სწორედ ამიტომ გაუსწორდნენ სავარაუდოდ მას ფიზიკურად“, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება სოსო გოგაშვილის მიერ ნახსენებ დოკუმენტაციას, ადვოკატის თქმით, გოგაშვილისგან აქვს ინფორმაცია, რომ „ეს დოკუმენტები არის საზღვარგარეთ, სანდო ხელშია და უახლოეს დღეებში აპირებს მის გასაჯაროებას“.

„არ ვიცი, რა დადასტურდება ამ დოკუმენტებით, ჯერჯერობით არც ერთი დოკუმენტი არ მინახავს. რაც შეეხება ბრალს, ჯერჯერობით მას ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ არ გვინახავს, საქმის მასალებსაც არ ვიცნობთ“, – აცხადებს ადვოკატი და ვარაუდობს, რომ საუბარი იქნება იარაღის უკანონო ტარების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ფარული პირადი საიდუმლოს გამჟღავნების თაობაზე.

ადვოკატის თქმით, სოსო გოგაშვილს 13 რეგისტრირებული იარაღი აქვს და არ სჭირდებოდა დამატებით ორი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლებიც საწოლიდან და მაისურების კარადიდან ამოიღეს სამართალდამცველებმა. ადვოკატი გოგაშვილის მეუღლეზე დაყრდნობით ამბობს, რომ ეს იარაღი მათ ჩაუდეს. მისივე თქმით, სოსო გოგაშვილის მეუღლე ასახელებს კონკრეტულ პირს, გიორგი ღამბაშიძეს. ადვოკატის თქმით, სავარაუდოდ მან შეიტანა იარაღი გოგაშვილის სახლში.

„სავარაუდოდ, ეს ის პირია და სხვა სამ პიროვნებასთან ერთად ფიზიკურად უსწორდებოდა სოსო გოგაშვილს. როგორც ბატონი სოსო გოგაშვილი აცხადებს, ღამბაშიძეს პირადი დაინტერესებაც ჰქონდა, ვინაიდან მისი გათავისუფლებულია სამსახურიდან; ვერ გეტყვით, შური იძია თუ არა, მაგრამ ბატონი სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ მას პირადი მოტივებიც ამოძრავებდა“, – განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე – არა რუსულ კანონს. მე გიერთდებით ამაში. რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება. ამავე დროს, არა მონობას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან არაერთი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია