პოლიტიკა

ევროკომისიის მეხუთე ანგარიში – მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომები კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად

მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომები კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის მეხუთე ანგარიშში, სადაც საქართველოს მიერ შესრულებული კრიტერიუმები და ახალი რეკომენდაციებია გაწერილი, რომლის გათვალისწინებასაც ევროკომისია საქართველოსგან მოითხოვს.

აღნიშნული ანგარიში ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება.

საქართველოსთვის რეკომენდაციების ნაწილში ვკითხულობთ:

„მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომები კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად.

თუმცა, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა სავიზო პოლიტიკის, ფულის გათეთრებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. კერძოდ, ეს საკითხები შემდგომ გადაწყვეტას საჭიროებს:

ა) საქართველოს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობა ევროკავშირის მესამე ქვეყნებისთვის სიასთან, რომელთაც ევროკავსირში ვიზა სჭირდებათ. ეს მესამე ქვეყნები წარმოადგენენ უკანონო მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკს ევროკავშირისთვის.

ბ) გააგრძელოს მუშაობა წევრ ქვეყნებში თავშესაფრის დაუსაბუთებელი განაცხადების საკითხის მოგვარებაზე; ასევე გააგრძელოს უვიზო რეჟიმის შესახებ მორგებული საინფორმაციო კამპანიების წარმოება მიგრანტთა მიზნობრივი ჯგუფებისთვის, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათთვის, ვინც განსაზღვრულ დროს აჭარბებს. ასევე, ვინც თავშესაფრის მინიჭებაზე უსაფუძვლო განაცხადს აკეთებს.

გ) გააძლიეროს ძალისხმევა კორუფციის დასაძლევად. განსაკუთრებით, ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და კოორდინაციის გაძლიერებით, აგრეთვე მათთვის საჭირო რესურსებით.

დ) დაასრულოს მუშაობა ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანაზე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ.

ე) გააძლიეროს ძალისხმევა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, განსაკუთრებით იმ ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან ევროკავშირში ოპერაციებთან.

ვ) სრულად შეუსაბამოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მიიღოს და განახორციელოს კანონმდებლობა, რომელიც აფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კეთილსინდისიერებასა და საქმიანობას.

ზ) უზრუნველყოს მონაცემთა დაცვის ორგანოს დამოუკიდებლობა.

დოკუმენტში დასკვნის სახით წარმოდგენილია შეფასება ალბანეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთის, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს მიმართ:

დასკვნა – კომისია მიიჩნევს, რომ ყველა შეფასებულმა ქვეყანამ მიიღო ზომები უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მეოთხე ანგარიშში მოცემული რიგი რეკომენდაციების განსახორციელებლად. იმ ქვეყნებისთვის, რომელთა მოქალაქეებმაც მიიღეს უვიზო რეჟიმი შვიდ წელზე ნაკლები ხნის წინ და რომლებისთვისაც ჯერ კიდევ აუცილებელია ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მოხსენების მომზადება, კომისია მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულდება გრძელდება. თუმცა, ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას შემდგომი ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს კრიტერიუმების უწყვეტი შესრულება და კომისიის რეკომენდაციების შესრულება.

2021 წელს, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული სამოგზაურო შეზღუდვების დასრულებამ გავლენა იქონია არალეგალური მიგრაციის ტენდენციებზე, საერთაშორისო დაცვის განაცხადებზე, დაბრუნებასა და რეადმისიაზე. ქვეყნების უმეტესობაში 2020 წელთან შედარებით ამ ტენდენციების ზრდა დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, ზოგადად, წევრი ქვეყნები და ევროკავშირის საზღვრის მართვის სააგენტო (Frontex) რვავე ქვეყანასთან კარგი თანამშრომლობის შესახებ იუწყება, საზღვრის მართვის, თავშესაფრის, დაბრუნებისა და რეადმისიის საკითხებში. რაც შეეხება მიგრაციის, თავშესაფრისა და რეადმისიის საკითხებს შემდგომი ქმედებების თვალსაზრისით, რამდენიმე ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მუშაობა თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნებთან დაკავშირებით, მათ შორის EMPACT-ში მონაწილეობის გაძლიერებით და მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიების ორგანიზების გაგრძელებით.

სასამართლო თანამშრომლობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების კუთხით, წევრი სახელმწიფოები ასევე კარგი საერთო თანამშრომლობის შესახებ იუწყებიან რვავე ქვეყანასთან. თუმცა, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის, ფინანსური თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვიზალიბერალიზაცია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიგრაციის, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის საკითხებში ევროკავშირის თანამშრომლობის მთავარი ნაწილი იყო. ეს ხელს უწყობს მობილურობას და ადამიანთა შორის კონტაქტებს, ასევე შეიძლება, გამოიწვიოს ამ ქვეყნებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმები. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სადაც უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს აქვთ პერსპექტივა, გახდნენ ევროკავშირის წევრები, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების განხორციელებას და კომისიის რეკომენდაციების შესრულებას კიდევ უფრო მნიშვნელოვან მიზნად აქცევს როგორც ევროკავშირის, ასევე კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნებისთვის.

აქედან გამომდინარე, ამ პროცესის მჭიდრო მონიტორინგი გაგრძელდება, მათ შორის, მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრების მეშვეობით, იუსტიციის, თავისუფლებისა და უშიშროების ქვეკომიტეტის რეგულარული შეხვედრებითა და ევროკავშირსა და ანგარიშში მოხსენიებულ ქვეყნებს შორის დისკუსიებით“.

ასევე ნახეთ

ხატია დეკანოიძე – ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა

ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია