Breaking News

გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი, მთავრობის მოწვევით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23-26 ივლისს ეწვევა.

გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი განიხილავს როგორც საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლის იუბილეს, COVID-19 კრიზისის შემდგომ აღდგენას, მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებას, მდგრად ტურიზმს, ახალგაზრდობისა და ქალთა საკითხებს, ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის “იმედის პრეზიდენტობის” დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებში მულტილატერალიზმის გაძლიერებას.

ვიზიტის ფარგლებში გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან. დაგეგმილია ასევე შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

25 ივლისს პრეზიდენტი შაჰიდი შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს ბ-ნ ილია დარჩიაშვილს. განსახილველი თემები მოიცავს იმედის პრეზიდენტობის დღის წესრიგის პრიორიტეტულ სფეროებს, კერძოდ კი COVID-ის შემდგომი აღდგენის, მდგრადი განვითარების, პლანეტის საჭიროებებზე რეაგირების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აღორძინების საკითხებს.

საქართველოს პარლამენტში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი შაჰიდი შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს ბ-ნ შალვა პაპუაშვილს. იგი ასევე ეწვევა იუსტიციის სახლს, სადაც გაეცნობა მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის შესაბამისად საქართველოს საჯარო მმართველობისა და ღია მმართველობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სფეროებში განხორციელებულ რეფორმებს. 2012 წელს იუსტიციის სახლს მიენიჭა გაეროს საჯარო სერვისების ჯილდო.

ოფიციალური ვიზიტის დროს, პრეზიდენტ შაჰიდს ასევე შესაძლებლობა ექნება შეხვდეს ახალგაზრდობისა და ქალთა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

იგი რამდენიმე საველე ვიზიტს განახორციელებს. ერთ-ერთი მათგანი იქნება იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრა. მიმდინარე წლის ივნისში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია (76/267) მიიღო, რომელიც სხვა საკითხთა შორის ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ.

ამასთანავე, პრეზიდენტი შაჰიდი ისარგებლებს მიმდინარე ვიზიტით ყურადღების გასამახვილებლად ტურიზმის სექტორის აღდგენის, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერისა და ადგილობრივი კულტურის საკითხებზე.

იმის გასაგებად, თუ როგორ ახორციელებენ აღნიშნული ძალისხმევის მხარდაჭერას გაეროს სააგენტოები საქართველოში, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი შეხვდება და გაესაუბრება საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობს ქ-ნი კემლინ ფურლი, გაეროს მუდმივი კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელი, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

ვიზიტში მონაწილეობას მიიღებენ გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის ოფისის ხუთი თანამშრომელი. ვიზიტის ხარჯებს დაფარავს საქართველოს მთავრობა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის მიზნობრივი ფონდი.

Check Also

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია