პოლიტიკა

განათლების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარი დაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

ამილახვარმა მიხეილ ჩხენკელი შეცვალა, რომელიც მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.

„დღეს წარმოგიდგენთ განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, გიორგი ამილახვარს. მანამდე, მინდა გითხრათ, რომ მე უკვე შევხვდი მიხეილ ჩხენკელს, რომელმაც საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. მინდა აღვნიშნო, რომ მიხეილ ჩხენკელი წარმატებული მინისტრი იყო. ოთხი წელი ემსახურა ჩვენს მთავრობას, ქვეყანას, ახალგაზრდა თაობას. მან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ბევრ რეფორმას ჩაუყარა საფუძველი. მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილება და სურვილი იყო, რომ იგი დაუბრუნდეს თავის აკადემიურ საქმიანობას. ჩხენკელი გააგრძელებს საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ. მინდა, ჩვენი გუნდის, მთავრობის, ჩემი სახელით მადლობა გადავუხადო მიხეილ ჩხენკელს გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები მის შემდგომ საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ გიორგი ამილახვარი წარმატებული მინისტრი იქნება.

„გიორგი ამილახვარი არის ძალიან წარმატებული ადამიანი. მას აქვს ძალიან კარგი, ღირსეული განათლება მიღებული. იგი სწავლობდა აშშ-ში, შემდეგ გერმანიაში. გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში, მაქს პლანკის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა თავის სადისერტაციო ნაშრომზე. მას მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი, არის ასოცირებული პროფესორი. გიორგი ამილახვარს აქვს წარმატებული მუშაობის გამოცდილება. იგი გახლავთ ერთ-ერთი ძალიან წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, მისი რექტორობის პერიოდში ამ უნივერსიტეტმა ძლიან ბევრ წარმატებას მიაღწია და ერთ-ერთი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, როგორ უნდა შექმნას ახალგაზრდამ, მოტივირებულმა ადამიანმა ძალიან თანამედროვე, ევროპული, დასავლური ხარისხის უნივერსიტეტი, სწორედ ასეთი უნივერსიტეტის შექმნელი გახლავთ ბატონი გიორგი. აქვე, მინდა, აღვნიშნო, რომ დღემდე გიორგი ამილახვარი წარმატებით ხელმძღვანელობდა პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტს. მას უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. გიორგი ამილახვარი წლებია, ჩართულია განათლების სფეროში. ძალიან კარგად იცნობს განათლების ყველა საფეხურზე არსებულ ვითარებას, იმ გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება განათლების სისტემაში და მჯერა, დარწმუნებული ვარ, გიორგი ამილახვარი იქნება წარმატებული განათლების და მეცნიერების მინისტრი. მას აქვს ძალიან კარგი ხედვა. ჩვენ ბევრი გვისაუბრია ბოლო 2 წლის განმავლობაში განათლების საკითხებზე. მან ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები და ვფიქრობ, გიორგი ამილახვარი იქნება წარმატებული მინისტრი. ჩვენ გვჭირდება კარგი მენეჯერები, დარგის მენეჯერები. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ გიორგი ამილახვარს გამოქვეყნებული აქვს ძალიან ბევრი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე. პარალელურად, მუშაობდა თავის აკადემიურ საქმიანობაზეც. ასე რომ, მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება გიორგი ამილახვარს და მადლობა ვუთხრა ყოფილ მინისტრ მიხეილ ჩხენკელს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი ამილახვარი დღემდე 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

2018-2019 ამილახვარი იკავებდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას; 2010-2020 წლებში იყო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში; 2008-2010 წლებში ლიეტუვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ საქართველოს ფილიალის, „სავერუს ჯორჯიას“ მთავარი იურისტი; 2007-2008 მუშაობდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

გიორგი ამილახვარს განათლება სამართალმცოდნეობის სპეციალობით აქვს მიღებული. მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ასევე ნახეთ

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველების მობილიზაციაა

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველების მობილიზაციაა. მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავიდნენ პოლიტიკოსები და მოქალაქეები, რომლებიც სასტუმროში რუსი ტურისტების …