ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში. მხარეებმა დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.
რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა, აღნიშნულ საფრთხეებთან მიმართებით საქართველოს მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებისა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიზნით.
ნატოს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის რეფორმები და ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთვის მხარდაჭერის გაძლიერებისთვის მზადყოფნა, მათ შორის ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის.
შეხვედრაზე დადასტურდა ნატოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.