საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აშშ-ის კონგრესისა და სენატის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით მიდის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „მოქალაქეების“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, იოსელიანი საქართველოს პარლამენტის ერთადერთი წევრია, რომელიც ამერიკის არჩევნების მიმდინარეობას დეპუტატის რანგში დააკვირდება.
„აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ჰიბრიდული არჩევნებია, ლოს ანჯელესში კი, სადაც იოსელიანი იქნება ლოკალიზებული, ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით შედგება. არჩევნები ხუთი დღე გაგრძელდება. იოსელიანის ვიზიტი მიზნად ისახავს არჩევნების საუკეთესო პრაქტიკის – ამერიკული სტანდარტის გადმოტანას, უახლესი ტექნოლოგიების, მეთოდოლოგიის, აგრეთვე სიახლეების გაცნობას და არჩევნების მენეჯმენტის გადმოტანასა და დანერგვას საქართველოში.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამერიკის კონგრესისა და სენატის არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაცია „საარჩევნო გამჭვირვალობის“ მიწვევით დაესწრება. მას შესაძლებლობა ექნება, შტატის არაერთ უბანზე მიმდინარე პროცესის მონაწილე, დამკვირვებელი და მეთვალყურე იყოს. იოსელიანის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ საქართველოს საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებულ ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.