დემონსტრაციებიდან ვიცით, თუ საით ისწრაფვის ქართველი ხალხი და ასევე ვიცით, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველომ ვერ მიიღო იგივე სტატუსი ამ დროისათვის, რაც უკრაინა და მოლდოვამ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის „სარკასტული საუბარი, რომ თუ დეკემბრამდე საქართველო რუსეთთან ომში ჩაერთვება, მაშინ ქვეყანა მიიღებს სტატუსს, პროცესისთვის სასარგებლო არ არის, არამედ აჩენს კითხვებს, ხომ არ არიან ისინი სრულიად განსხვავებულ გზაზე.“
ევროპარლამენტარმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ევროპული კომისიის დასკვნაში წარდგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე.
„ისინი უნდა კონცენტრირდნენ იმ 12 პუნქტის შესრულებაზე, რომელიც ევროკომისიამ წარადგინა და შემდეგ კი კანდიდატის სტატუსი მიიღონ.
ასევე სერიოზული შეშფოთება გამოვხატე საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში. არასდროს არის ძალიან გვიანი წარსულის შეცდომების გამოსწორება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით ეხება ნიკა გვარამიას, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის საქმეს, რომელიც ეფუძნება საეჭვო ბრალდებებს. საქმე ფართოდ აღიქმება, როგორც მთავრობის მიმართ კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობა,”- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა რა აღნიშნა, რომ ის ახლავე უნდა გათავისუფლდეს.
„საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ის ახლავე უნდა გათავისუფლდეს, რომ არ დაიღუპოს ციხეში“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.