ქვეყნის მეთაურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას დამტკიცებისთანავე დაიწყებს.
„17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა. ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება. ასე რომ, ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას. მეორე, რაც ასევე ევროკომისიამ თავის რეკომენდაციაში ჩაწერა და მიმართა საბჭოს, არის შემდეგი, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი პრიორიტეტები და პირობები შესრულდება.
ახლა, როგორც კი დაამტკიცებს საბჭო აღნიშნულ რეკომენდაციებს, ჩვენ ბრიუსელთან, რა თქმა უნდა, მაშინვე დავიწყებთ მუშაობას. ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული. არის სხვა საკითხები, რომელსაც ჩვენ გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.