პოლიტიკა

პრეზიდენტი – ეს ვიზიტი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ჩვენი ევროპული მომავლისთვის

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობა უნდა დაიწყოს.

მან ევროპარლამენტარებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის გზაზე უკან დახევა არ იქნება.

„ვიზიტი ტარდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი. ეს ვიზიტი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ამ დროს ევროპარლამენტარების მოსმენა და მათთვის ჩვენი გზავნილები უაღრესად მნიშვნელოვანი არის. ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპარლამენტარები დღეს ჩამოსული არიან რეგიონალური ვიზიტის ფარგლებში. ეს ხაზს უსვამს ასევე ამ რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დღევანდელ მსოფლიოში.

ჩვენ უნდა გვესმოდეს და ალბათ, ეს არის მთავარი ამ ქვეყნისთვის, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც მოგვენიჭა ევროპარლამენტის და ასევე, ევროპული საბჭოს მიერ, უაღრესად მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ჩვენ ეს გვავიწყდება და ვერ ვხედავთ, რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯი, რომელზეც უკან დახევა არ იქნება. ეს მოითხოვს ჩვენგან, რომ ამ ევროპული პერსპექტივის ღირსი ვიყოთ. მეორე მხრივ, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს უახლოესი მომავლისთვის ის განცხადება, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, თუკი იმ მთავარ რეკომენდაციებს შევასრულებთ, რასაც 12 პუნქტს ვეძახით და რაზეც მუშაობა უნდა დაიწყოს. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელში, სადაც ველოდები, რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე ნახეთ

მაკა ბოჭორიშვილი – უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის გამთლიანება და და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა

ქვეყნის გამთლიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო დღის წესრიგში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია