პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

მადრიდში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით ორმხრივი შეხვედრები გამართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციის წევრები შეხვდნენ შვედეთის, ფინეთის, თურქეთისა და ესტონეთის წარმომადგენლებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე.

„შეხვედრებზე საუბარი რეგიონალურ და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს, რუსულ ოკუპაციას და ოკუპაციის თანმდევ პროცესებს, საქართველოს წინაშე არსებულ კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებს შეეხო.

ქართულმა მხარემ შეხვედრებზე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ნატოში გაწევრების აუცილებლობა და ამ გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროებაზე, მნიშვნელობაზე და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის, უსაფრთხოების და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ჰიბრიდული ბრძოლის შესაძლებლობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

დელეგაციის ხელმძღვანელის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, მკვეთრად გაუარესებული უსაფრთხების გარემოს გათვალისწინებით, პარტნიორები ძალიან კარგად აცნობიერებენ საქართველოს ნატოში გაწევრების მნიშვნელობას, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს ალიანსში საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილების დაჩქარებასთან დაკავშირებით.

„ნატო-ს მოკავშირეებს შეუძლიათ გაბედული გადაწყვეტილების მიღება, თუ არსებობს ამის პოლიტიკური ნება. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი სიგნალია, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრებაც შესაძლებელია დაჩქარებული წესით. ეს არის ის, რასაც ჩვენ მოუთმენლად ველით. ჩვენ და საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანიც არის ალიანსში გაწევრება. ვისაუბრეთ საქართველოს მნიშვნელობაზე ნატო-სთვის, როდესაც რეგიონში არის მომეტებული საფრთხეები. ის, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს არა მარტო სურვილი, არამედ შესაძლებლობაც და გამოცდილებაც წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებაში, რომელსაც დღესაც აკეთებს მომეტებული საფრთხეების ფონზე. როდესაც ჩვენი პარტნიორები მიისწრაფვიან ენერგო-რესურსების მიწოდების გზების მიწოდების დივერსიფიკაციისკენ, დაკავშირების გაძლიერებისკენ დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის, ეს კიდევ უფრო ზრდის ნატოს წევრი საქართველოს მნიშვნელობას.

პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს დ ტერიტორიულ მთლიანობას. მათ აღგვითქვეს მხარდაჭერა რომ გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას ყველა ფორმატში და ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციებში“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების და განმტკიცების შესაძლებლობები, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე და ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, ირაკლი ბერაიასთან ერთად შედიან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია“,- აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

ვიოლა ფონ კრამონი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სამიზნე, ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს უჭერდნენ არჩევნების დაკვირვებას, აპროტესტებდნენ დარღვევებს და ა.შ.

ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნებსა და მის გარშემო სამართლებრივ ჩარჩოზე, თუმცა ეს იოლი არაა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია