საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის დიდი კომიტეტის თავმჯდომარეს, სატუ ჰასის და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრა და ყურადღება ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
სატუ ჰასიმ პაპუაშვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა დაუდასტურა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.