ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ამომრჩეველს, ამით კი იმიჯი უზიანდება იმ ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს”.
საქმე მიხეილ ყაველაშვილის მიერ დეგნანისთვის გაგზავნილ წერილს და მასზე ელჩის პასუხს ეხება.
ყაველაშვილის წერილში ნათქვამია, რომ “კარგი იქნებოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა”. პასუხად დეგნანმა განაცხადა, რომ წერილი “სავსე იყო სავსე ტყუილებითა და შეთქმულებების თეორიებით, რის გამოც მისი წაკითხვა ბოლომდე ვერ შეძლო”.
ხუნდაძის თქმით, დეგნანისგან ის “პასუხებს ელოდა, თუმცა, დეპუტატის შეურაცხყოფა მიიღო”.
“ამ პასუხმა შეურაცხყო მთლიანად ქართველი ამომრჩეველი. არ მგონია, დემოკრატიის პრინციპებში სადმე ამას ვკითხულობდეთ და ეს იყოს დასავლური სტანდარტი, როცა უმაღლესი დონის დიპლომატი დეპუტატის მიერ გაგზავნილ წერილს არც კი კითხულობს და ამას საჯაროდ აჟღერებს. მე უკვე განვაცხადე, რომ ასეთი დამოკიდებულებით ქართველ ხალხში ევროატლანტიკური გზისკენ ლტოლვა ზიანდება. ეს კი საფრთხის შემცველია ჩვენი სახელმწიფოსთვის.
დეპუტატის მიერ გაგზავნილი კითხვები იყო ლეგიტიმური და რეალური. ეს კითხვები აწუხებს დღეს საზოგადოების უდიდეს ნაწილს. ამ კითხვებს გვისვამენ პოლიტიკოსებს და ჩვენ გვჭირდება პასუხები იმისათვის, რომ ხალხს ვესაუბროთ. როდესაც პასუხებს თავს არიდებთ ან ზოგადად, როდესაც პასუხები არ გაქვთ, გადადიხართ შეურაცხყოფაზე. და თუკი ეს დუმილი ან იგნორი, მით უმეტეს შეურაცხყოფა დიპლომატისგან ხდება, მაშინ იმიჯი უზიანდება იმ ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს.
კითხვებზე პასუხია საჭირო. თუნდაც ორ კითხვაზე: მისაღებია თუ არა თქვენთვის სახალხო დამცველის მიერ ღიად გაჟღერებული ომის რიტორიკა? როცა ის ამბობს, რომ „დგება მომენტი, ბომბებისგან მიღებული ცეცხლი ჯობდეს სირცხვილს“ და სირცხვილს არქმევს იმას, რომ საქართველო თავის საზიანოდ არ შეუერთდა ახალ სანქციებს. და ასევე, მხარს უჭერთ თუ არა ტექნიკური მთავრობის შექმნას?
თქვენგან ველი პასუხებს და თუ აშშ-ის ელჩი პასუხებს არ გასცემს ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების კითხვებს, მაშინ ხალხში გაჩნდება კიდევ უფრო მეტი კითხვები. ეს კი საზოგადოებაში პროტესტს იწვევს. ამიტომ, მოვუწოდებ ქალბატონ დეგნანს, ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ყველა იმ კითხვაზე, რაც აწუხებს ქართველ ხალხს“. – წერს დიმიტრი ხუნდაძე.
ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და სოზარ სუბარმა ქართული ოცნება და საპარლამენტო თანამდებობები ოფიციალურად 28 ივნისს დატოვეს. მიზეზად დაასახელეს “უთანხმოება იმის შესახებ, თუ რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს მოსახლეობას სიმართლე”. შემდეგ კი არაერთხელ გაავრცელეს ანტიდასავლური შეთქმულების თეორია მათ შორის იმის შესახებ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება “ომში ჩართვასთან არის დაკავშირებული.”