ივნისში საქართველოში და რუმინეთი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობენ. ტუნირამდე 100 დღით ადრე 13 მარტიდან, ჩემპიონატის მასპინძელ საქართველოს ქალაქებში უკუთვლა დაიწყო.
სპეციალური საათები სამ ქალაქში განთავსდა. თბილისში – პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში – ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ და ბათუმში, ცენტრალური ბულვარის შესასვლელში.
თბილისში უკუთვლის საათი სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად ჩართო. ქუთაისის საათის ჩართვის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და სფფ-ის ვიცე პრეზიდენტმა და უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელჩმა ალექსანდრე იაშვილმა.
13 მარტს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, საზეიმო ღონისძიება გაუქმდა ბათუმში. თუმცა თბილისისა და ქუთაისის მსგავსად, უკუთვლის საათი ტურნირის ფინალის მასპინძელ ქალაქშიც ჩაირთო.
შეგახსენებთ, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ტარდება. ევროპირველობის მატჩები საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.