საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი განახლებულ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვიპროსის წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე – 2:0 დაამარცხა.
ქართველებმა პირველი გოლი მე-3 წუთზე, 21-წლამდე ნაკრების დებიუტანტმა – გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა, რომელმაც გიორგი მოისწრაფიშვილის გადაცემა ზუსტად გამოიყენა. სხვაობა ორამდე, წიტაიშვილის მიერ ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, 51-ე წუთზე საბა ხვადაგიანმა გაზარდა, რომელმაც ახალგაზრდული ნაკრების მაისურით მეორე გოლის გატანა შეძლო.
გიორგი წიტაიშვილის გარდა, 21-წლამდე ნაკრების რიგებში დებიუტი ჰქონდა ნოდარ ყალიჩავას, რომელმაც ლუკა კუტალაძე 84-ე წუთზე შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ Საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს, დინამო არენაზე, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს.