პოლიტიკა

ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩს მონღოლეთის წინააღმდეგ გამართავს

დღეს, 25 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთს დაუპირისპირდება.

 

კაპიტანი ლორია

საქართველოს ნაკრების მზადების შესახებ ბევრი რამ ვიცით. მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ გუნდს ვერ დაეხმარებიან ოთარ კიტეიშვილი, ანრი მექვაბიშვილი და დავით ხოჭოლავა, რომლებიც ტრავმირებულები არიან.

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ბათუმში გამართულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მონღოლეთთან კარში გიორგი ლორია იდგება და გუნდსაც ის უკაპიტნებს, ხოლო გურამ კაშია, სავარაუდოდ, დაისვენებს. ასევე შესაძლოა, ვიხილოთ „დინამო თბილისის“ 17 წლის ნახევარმცველის, გაბრიელ სიგუას დებიუტიც.

სანიოლი გეგმავს, რომ შეკრებაზე მიწვეული თითქმის ყველა ფეხბურთელი ათამაშოს.

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი”, აზერბაიჯანი);

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (“შახტარი”, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი (“დინამო”, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი (“აპოელი”, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი);

ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლუკა გაგნიძე (“დინამო” მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი”, სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე (“ანკარაგუჯუ”, ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).

 

საინტერესო მეტოქე

მონღოლეთის ნაკრები საფეხბურთო სამყაროში სრულიად უცნობი გუნდია. გასულ წელს 9 შეხვედრა ჩაატარა, 4 ფრედ დაასრულა, 2 მოიგო და 3 წააგო. მოთამაშეთა ჯამური ფასი 1,04 მილიონი ევროა (საქართველოს ნაკრების – 137,16 მილიონი). გუნდის ყველა წევრი მონღოლეთის ჩემპიონატში თამაშობს, გარდა ოუნტუია ოუნბოლდისა, რომელიც ჰონგ-კონგში გამოდის.

მონღოლეთის ნაკრები 1959 წელს ჩამოყალიბდა, მაგრამ 1960-1998 წლებში არ უთამაშია, აზიის კონფედერაციაში მხოლოდ 1993 წელს გაწევრიანდაფიფა-ში – 1998 წელს. 2002 წლიდან 2022 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაში ვერაფერს მიაღწია. აზიის ჩემპიონატშიც 2011 წლიდან წარუმატებლად მონაწილეობს. ასევე, გამოდის აღმოსავლეთ აზიის ფეხბურთის ჩემპიონატში, სადაც ორჯერ მე-7 ადგილი და ორჯერ მე-8 ადგილი დაიკავა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი იაპონელი იჩირო ოცუკაა, ხოლო მისი კაპიტანი – ულან-ბატორის „დერენის“ 33 წლის ნახევარმცველი ცენდ-აიუუშ ხურელბაატარი, რომელიც 37 თამაშით ნაკრების რეკორდსმენია. პარადოქსია, რომ მონღოლეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი არა თავდამსხმელი ან ნახევარმცველი, არამედ მცველი ლუმბენგარავ დონოროვინია, რომელიც 2000-2014 წლებში თამაშობდა, ამ 14 წლის მანძილზე ნაკრებში 35 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. მას შემდეგ 9 წელი გავიდა და ეს შედეგი მხოლოდ ამჟამინდელი გუნდის და „ხოვდის“ თავდამსხმელმა ნარანბოლდ ნიამ-ოსორმა გაიმეორა, რომელმაც 8 გოლი 29 მატჩში გაიტანა.

ნაკრები თამაშობს ულან-ბატორში მდებარე მონღოლეთის ფეხბურთის ფედერაციის ფეხბურთის ცენტრის სტადიონზე, რომელიც 5 ათას მაყურებელს იტევს – ამ არენაზე გამოდის ულან-ბატორის კლუბების უმეტესი ნაწილი.

ფიფა-ს რეიტინგში მონღოლეთის ნაკრები 183-ე ადგილზეა (211 ნაკრებში), საუკეთესო შედეგი 2011 წლის აგვისტოს დააფიქსირა – 160-ე პოზიცია, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (205-ე) – 2015 წლის ივლისში.

პირველი საერთაშორისო მატჩი 1942 წლის 10 აგვისტოს იაპონიასთან გამართა და 0:12 წააგო. ყველაზე დიდი გამარჯვება ჩრდილოეთ მარიანის კუნძულების ნაკრებთან იზეიმა – 9:0 (4 სექტემბერი, 2018). ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი უზბეკეთთან (0:15) განიცადა (5 დეკემბერი, 1998).

 

ტელე და რადიორეპორტაჟები

საქართველოსა და მონღოლეთის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 25 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. 28 მარტს, 20:00 საათზე კი ჩვენი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩს ბათუმი უმასპინძლებს, პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟებს – საქართველოს რადიო (FM 102,3).

ასევე ნახეთ

EURO 2024-ის ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს დაიწყება

ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა ქართველ გულშემატკივარს 15 აპრილიდან შეეძლება. ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით სფფ სპეციალურ განცხადებას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია