პოლიტიკა

გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებით, გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.

„პირველად საქართველოს ისტორიაში და პირველად რეგიონში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გახდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წლიური კალენდრის ნაწილი და ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდრა საამაყო ადგილი ისეთი წარმატებული და განვითარებული სათხილამურო კურორტების გვერდით, რომლებიც არის საფრანგეთში, შვეიცარიაში, ამერიკაში თუ კანადაში“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა პრესკონფერენციაზე.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში მოგულსისა და სქი კროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში ჩატარდება.

მან აღნიშნა, რომ ეს წარმატება განაპირობა ორმა ძირითადმა ფაქტორმა: პირველი არის ძალიან წარმატებით ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა მიმდინარე წლის დასაწყისში, ხოლო მეორე – ეს არის ინფრასტრუქტურული მზადყოფნა, რომელზეც საქართველოს მთავრობამ გასული წლების განმავლობაში იზრუნა.

ბაკურიანში გასული ორი წლის განმავლობაში მოეწყო ისტორიული სათხილამურო ინფრასტრუქტურა – აშენდა ორი ხელოვნური რეზერვუარი, 3 ახალი საბაგირო, 11 სათხილამურო ტრასა და 34 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სწორედ ამ ინფრასტრუქტურამ შეუწყო ხელი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას. ამ ინფრასტრუქტურის არსებობამ განაპირობა, რომ სათხილამურო ფედერაციამ გადაწყვიტა, ბაკურიანში კიდევ 2 მორიგი მსოფლიო თასი ჩაატაროს. მისივე შეფასებით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზოგადად ჩვენი ქვეყნის სამთო სათხილამურო ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და მის პოპულარიზაციას.

ასევე ნახეთ

ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაურმა (90კგ) ჩემპიონის ტიტული პარიზში დაიცვა და ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია