პოლიტიკა

ისტორიული მატჩის წინ – რა ვითარებაა ისლანდიასთან დაპირისპირებამდე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საუკუნის მატჩის წინ გენერალური ვარჯიში გამართა. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს არსებობის ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი აქვს. ილიას ზუროსის გაწვრთნილ საქართველოს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში, რომელიც თბილისი არენაზე 26 თებერვალს, 20:00 საათზე დაიწყება, ისლანდიის დამარცხება სანუკვარ შედეგს მოუტანს. 

მოდით, თვალი გადავავლოთ, თუ რა სიტუაციაშია საქართველო და აქამდე მოსასვლელად რა გზა გამოიარა. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი რეალური 2017 წლიდან გახდა, როცა ფიბა-მ მუნდიალისთვის ცალკე შესარჩევი ტურნირის ჩატარება დაიწყო. მანამდე იყო ის, რომ ევრობასკეტი 2 წელიწადში ერთხელ იმართებოდა და მსოფლიოზე სწორედ ევროპის ჩემპიონატზე მოწინავე ადგილების დამკავებელი გუნდები გადიოდნენ – ხან 6, ხანაც 7 საუკეთესო. 

2017 წლიდან ფიბა-მ ევრობასკეტის ჩატარება 4 წელიწადში ერთხელ დააწესა, მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა 32-ამდე გაზარდა და მასზე გასასვლელად ცალკე 2-წლიანი საკვალიფიკაციო ტურნირის ჩატარება დაიწყო. ევროპას მსოფლიოზე 12-გუნდიანი კვოტა დაუწესდა. პირველ ჯერზე საქართველომ პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლია, მაგრამ მეორეში აღარ გაუმართლა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი კი, რომელიც 2021 წელს დაიწყო, საქართველოს ნაკრებმა რიგიანად ჩაატარა და საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მსოფლიოზე გასასვლელად ისლანდიის დამარცხება აკლია.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპიდან 12 გუნდი გადის. 9 ნაკრები ცნობილია – ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, გერმანია, სლოვენია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ფინეთი და ლატვია. ბოლო ტურში დაჩენილი 3 საგზურის მფლობელიც უნდა გამოვლინდეს. ერთ-ერთი მათგანისთვის საქართველო და ისლანდია იბრძვიან.

საქართველო პირველ ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთთან, უკრაინასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან იყო. ზუროსის გუნდმა მაკედონიელები 2-ჯერ დაამარცხა, ხოლო ესპანეთთან და უკრაინასთან მოგება-წაგებები გაიყო და ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავებით მომდევნო ეტაპზე გავიდა. ზუროსის გუნდს მეორე ჯგუფში პირველიდან მხოლოდ უკრაინასთან და ესპანეთთან დაგროვილი ქულები გადაჰყვა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 2 მოგება კი იმ მოტივით ჩამოეჭრა, რომ ჩვენი პარალელური ჯგუფიდან მოკვეთეს რუსეთი. ფიბა-ს გადაწყვეტილებით, პარიტეტის პრინციპი დაცული რომ ყოფილიყო, იმ ჯგუფის ყველა წევრს რუსეთთან თამაშები გაუუქმდათ, ჩვენთან კი – ჩრდილოეთ მაკედონიასთან. 

რუსეთთან ჩვენს კონკურენტ ისლანდიას მოგება არ ჰქონია და არაფერი დაუკარგავს მასთან ნაჩვენები შედეგის ანულირებით, ხოლო საქართველომ ჩრდილომაკედონიელებთან 2 მარცხი დაკარგა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული 3 გამარჯვებით (ჰოლანდიასთან 2 და ისლანდიაში 1) თავი ისლანდიაზე კომფორტულ სიტუაციაში ჩაიყენა.

მეორე და გადამწყვეტ ჯგუფში, რომელშიც 6 გუნდია და 3 საკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატზე გადის, 1 და 2 ადგილები ესპანეთსა და იტალიას აქვთ გარანტირებული, ბრძოლა მე-3 საგზურისთვისაა, რომელსაც ერთმანეთს საქართველო და ისლანდია ეცილება.

თეორიულად არსებობს ერთი ვარიანტი, რომელიც ჩვენიუპირატესობაა. რაკი საქართველოს ისლანდიაში მოგებული აქვს 3 ქულით და მეტოქეზე ცხრილში ქულით წინაა, 1, 2 და 3 ქულით დამარცხების შემთხვევაში ილიას ზუროსის გუნდი ისლანდიაზე წინ დაჯდება. ეს არის ვარიანტი, რომლის იმედად საქართველოს ნაკრების არც ერთი წევრი არაა და დღეს ილიას ზუროსის გუნდი მხოლოდ მოსაგებად  ითამაშებს.

ისლანდიის ნაკრებმა წინა მატჩში დაისვენა. კუნძულელებმა ესპანეთს უმასპინძლეს და წამყვანი მოთამაშეები არ დატვირთეს. ეს თავად ისლანდიელთა მწვრთნელმა, ბალდურ რაგნარსონმა განაცხადა. მსოფლიო გრანდისთვის თავი რომ შეეკლათ და თუნდაც მოეგოთ, ეს ისლანდიელებს არაფერს მისცემდა, თუკი თბილისში დამარცხდებოდნენ. ერთადერთი, იმას იხეირებდნენ, რომ 1 ქულით გამარჯვებაც ეყოფოდათ, ახლა კი მინიმუმ 4 ქულით მოგება სჭირდებათ, საქართველოს ცხრილში რომ გადაასწრონ. ამიტომაც დაასვენეს კუნძულელებმა ძირითადი ბირთვი და საქართველოსთან ბოლომდე ბრძოლას აპირებენ.

აქვე აღვნიშნოთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასადა ფილიპინებზე გაიმართება. ჯგუფური ეტაპის თამაშებს სამივე ქვეყანა უმასპინძლებს, ხოლო პლეი ოფის მატჩები ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაიმართბა. სწორედ მანილა უმასპინძლებს 29 აპრილს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრას, ორმელიც ფინალურ ეტაპზე გასულ 32 ნაკრებს ჯგუფებში გადაანაწილებს.

საქართველოსთვის ისტორიული მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ასევე ნახეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი იოკოჰამას ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიაში, იოკოჰამას ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით იწყებს. მან 1/16-ფინალურ შეხვედრაში ხორვატი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია