პოლიტიკა

ლაშა ტალახაძე 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა – საუკეთესოები სეოკმა დააჯილდოვა

სასტუმრო ,,პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2023 წლის სპორტული შედეგებით სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გამართა.

მეტოქის მიერ გამოვლენილი გულისხმიერებისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა, ევროპის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალოსანს მათე გველესიანს (ძიუდო). მესამე ევროპულ თამაშებზე მიღწეული უმაღლესი შედეგისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ აღნიშნული თამაშების ჩემპიონები – ზურაბ კინწურაშვილი (ტაეკვონდო) და ლუკა შონია (კიკბოქსინგი).

სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები:

1. 2023 წლის აღმოჩენა-,,ოლიმპიური იმედი“ (გოგონა) – მარიამ რაგიმოვი, ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ასევე ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

2. 2023 წლის აღმოჩენა-,,ოლიმპიური იმედი“ (ვაჟი)- გიორგი თოხაძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი.

3. 2023 წლის საუკეთესო სპორტული გუნდი – საქართველოს ძიუდოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები გუნდი, 2023 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის და მესამე ევროპული თამაშების ჩემპიონი.

4. ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – დამსახურებული სპორტული ჟურნალისტი დავით ქლიბაძე.

5. 2023 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში – თორნიკე შენგელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი.

6. 2023 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ანასტასია გუბანოვა, ფიგურულ ციგურაობაში 2023 წლის ევროპის ჩემპიონი.

7. 2023 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი – ლაშა გუჯეჯიანი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

8. ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ევროპულ თამაშებზე სტაბილურად ნაჩვენები მაღალი სპორტული შედეგებისთვის – სანდრო ბაზაძე, 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, მესამე ევროპული თამაშების ჩემპიონი, მსოფლიო თასის მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი, მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავე.

9. ოლიმპიური სპორტის მთავარი მხარდამჭერი – სეოკ-ის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი. რომელიც მრავალი წელია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორია. დროის ამ მონაკვეთში არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განხორციელდა – მათ შორის, ქართველ სპორტსმენთა ხელშესაწყობად, წლის ყველაზე წარმატებულ ათლეტთა წასახალისებლად, ოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაციისთვის, მომავალ ოლიმპიელთა მხარდასაჭერად, მათი ცნობადობის და მოტივაციის ასამაღლებლად.

10. 2023 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი – ლაშა ტალახაძე, 2- გზის ოლიმპიური ჩემპიონი, 7 – გზის მსოფლიოს და 7- გზის ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური და მსოფლიოს რეკორდსმენი, ლაშა ტალახაძეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მეშვიდედ ერგო. ლაშას ასევე გადაეცა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების სპეციალური ჯილდო. ლეგენდარული ძალოსანს წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციისთვის განკუთვნილი სპეციალური ჯილდო ,,ოლიმპიური ალი“ გადასცეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

11. ქართული სპორტის სიამაყე – ნინო სალუქვაძე, ოლიმპიური თამაშების ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, 9 ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ქალბატონმა ნინომ წლევანდელ ევროპულ თამაშებზე მოიპოვა პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია და მე-10 იასპარეზებს ოლიმპიურ თამაშებზე, ნინო სალუქვაძე გახლავთ მსოფლიოში პირველი ქალატონი, რომელიც ზედიზედ მეათედ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში. ლეგენდარულ ტყვიის მსროლელს, სპეციალური ჯილდო გადასცა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცათ ცნობილი მოქანდაკის ლევან ვარდოსანიძის მიერ შექმნილი სპეციალური ჯილდოები.

ასევე ნახეთ

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები ნოემბერში 2 მატჩს გამართავს

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები EuroBasket 2025-ის შესარჩევ ეტაპზე ნოემბერში 2 მატჩს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს. 21 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია