საქართველოს პარლამენტში სპორტის უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებსა და სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა.
სტუმრად მყოფ სტუდენტებს, სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიესალმა. მან სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებებისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის, სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა და შემდგომი წარმატებები უსურვა. გიორგი ვოლსკიმ სტუდენტებსა და სპორტსმენებს სპორტის განვითარების და მისი ხელშეწყობის მხრივ სახელმწიფო პოლიტიკის მიდგომები გააცნო და იმ რეფორმებსა და ხედვებზე ისაუბრა, რასაც ხელისუფლება სპორტის განვითარების მიზნით ახორციელებს.
წარმატებულ სტუდენტებს და სპორტსმენებს მიმართეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ და პარლამენტის წევრმა, იაგო ხვიჩიამ.
სპორტის უნივერსიტეტიდან პარლამენტს ორგზის ოლიმპიური, ხუთგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, 2022 წლის ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი კახი ასანიძე, ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი საბა ასანიძე, ჭადრაკის ქართველი დიდოსტატი მერი არაბიძე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი ლერი აბულაძე, თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი ირაკლი მწითური, მკლავჭიდში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი დავით მესხი, შოტოკან კარატეში სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ლუკა ხვედელიანი და აკრობატიკაში საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორი გიორგი ოქროპირიძე ეწვივნენ.
შეხვედრის დასასრულს წარმატებულ სტუდენტებსა და სპორტსმენებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ და მათთვის პარლამენტის გაცნობითი ტური მოეწყო.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.