პოლიტიკა

საქართველო – ფარერის კუნძლები | ამხანაგური მატჩი დინამო არენაზე

5 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ფარერის კუნძულების ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ დინამო არენაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ვარჯიშის დაწყებამდე გაიმართა ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია. მასთან ერთად, მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ უპასუხა, რომელიც 5 ივნისს, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო მატჩს ჩაატარებს. 79-ე სანაკრებო შეხვედრაში გიორგი ლორია ეროვნულ ნაკრებს და გულშემატკივრებს გუნდის კაპიტნის რანგში დაემშვიდობება.

პრესკონფერენციის დაწყებამდე, განცხადება გააკეთა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): “ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა. ამაყი ვარ, რომ ჩემს ქვეყანას ასეთი მეკარე და სპორტსმენი ჰყავს, როგორიც გიორგი ლორიაა. როდესაც ესტონეთში პირველად ითამაშა ნაკრების შემადგენლობაში, მაშინ მოედანზე ვიყავი, ახლა კი განსხვავებული როლებით ვსხედვართ აქ. ერთად ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ. 17 წელი იყო ჩვენი ქვეყნის სამსახურში, ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოს ნაკრების განვითარებისთვის როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. პირადად ჩემთვის და ფეხბურთის ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უდიდესი დამსახურება აქვთ საკუთარი ქვეყნის წინაშე, პატივისცემა და სიყვარული დაუბრუნდეს. ხვალ, გიორგის ბოლო თამაში იქნება ეროვნულ ნაკრებში და პირველი ფეხბურთელი იქნება, ვინც უშუალოდ მოედნიდან დაემშვიდობება გულშემატკივარს. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი პატივია და გიორგიმ ეს დაიმსახურა. მინდა ჩემი და სფფ-ის სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადო მას ყველაფრისთვის, რაც საქართველოსთვის გააკეთა. ნაკრების ყველა თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხვალ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოგება, რადგან გიორგი ლორია იმსახურებს, რომ გამარჯვებით დატოვოს დინამო არენა.

გიორგი ლორა (ეროვნული ნაკრების წევრი): “17 წლის შემდეგ რთულია ნაკრებთან დამშვიდობება. 5 ივნისს, ეროვნულ ნაკრების მაისურით უკანასკნელ თამაშს ჩავატარებ. ეს იყო გზა, რომელიც სიამაყით, მადლიერებით და სუფთა გულით გავიარე. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ჩემს გვერდით იდგა ამ წლების განმავლობაში. ოჯახს, მეგობრებს, მწვრთნელებს და თანაგუნდელებს. მადლობა ექიმებს, სტაფის თითოეულ წევრს და ადამიანებს, რომლებიც კამერების უკან დგანან, რადგან ისინი ქმნიან ყველაფერს, რასაც გულშემატკივრები ხედავენ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ. განსაკუთრებული იყო ესპანეთთან მატჩი, როდესაც 55 ათასი ადამიანი ჩემს გვარს სკანდირებდა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც სამწუხაროდ დღეს არ არიან ჩემთან ერთად, თუმცა მთელი ცხოვრება ჩემთან იყვნენ. ისინი ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან.

საქართველოს ნაკრების მაისური ჩემთვის უბრალოდ ფორმა არ ყოფილა. ეს იყო ყველაზე დიდი პატივი და ჩემი ოცნება. მადლობა საქართველოს. მე ვამთავრებ სანაკრებო კარიერას სუფთა გულით. მადლიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება ჩემი წვლილი შემეტანა ქართული ფეხბურთის განვითარებაში. კვლავაც დავრჩები ქართული ფეხბურთის სამსახურში, რადგან მინდა, რომ ჩემი ცოდნა გავუზიარო მომავალ თაობას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს”.

ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „როდესაც ნაკრებში ახალი მოსული ვიყავი, შვედეთთან თამაშის წინ სასტუმროსთან გასეირნება გვქონდა. ფეხბურთელების კარგად გაცნობა მსურდა და სპეციალურად ამოვარჩიე გიორგი ლორია, რომ მასთან საფეხბურთო დეტალებზე მესაუბრა. ბევრი ვისაუბრეთ და ფეხბურთის გარდა ყველა თემას შევეხეთ, რადგან ეს გაცნობის საუკეთესო საშუალებაა. ამბობენ, რომ პირველი შთაბეჭდილება ყველაზე სწორია და მინდა გითხრათ, რომ გიორგიმ საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.  ხვალინდელ შეხვედრაში გუნდს გიორგი ლორია უკაპიტნებს.

ივნისის შეკრება ყოველთვის რთულია, რადგან სეზონი ახალი დამთავრებულია და ფეხბურთელებს ბევრი შეხვედრა აქვთ ჩატარებული. თუმცა, მოთამაშეებმა, რომლებიც ემზადებიან ორი ამხანაგური მატჩისთვის, იციან, რომ აქ კონკურენციის გასაზრდელად არიან. ვფიქრობ, ეს ჯანსაღი პროცესია. რაც შეეხება ტაქტიკურ სიახლეებს, მოახლოებულ მატჩებში ამას არ უნდა ველოდოთ. ჩემი მოლოდინები ნათელია – ფეხბურთელებმა უნდა აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები და ამბიცია.

ფარერის კუნძულების ნაკრები კომპაქტური გუნდია, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობს. ჩვენს ყოფილ მეტოქეებს, ჩეხეთს და სომხეთს შეუქმნეს გარკვეული პრობლემები. კარგი გუნდია, რომელიც დისციპლინის დაცვით თამაშობს. თუ ვიფიქრებთ, რომ მეტოქეს იოლად დავამარცხებთ, სერიოზული პრობლემები შეგვექმნება. ფეხბურთელებმა იციან, რომ ასი პროცენტით უნდა დაიხარჯონ შედეგის მისაღწევად.

ის, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგებით გააკეთა ძალიან შთამბეჭდავია. ძალიან მალე ის არა მხოლოდ მოედანზე იქნება ჩვენი გუნდის ლიდერი, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ვფიქრობ, ახლა მზად არის ამისთვის. ის სამაგალითოა პატარა ქართველი ფეხბურთელებისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის. მისი წარმატება ასევე კარგია ქვეყნისთვის, რადგან ბევრი ინტერესდება ქართველი ფეხბურთელებით და ზოგადად საქართველოთი. ხვიჩა ქვეყნის ელჩია და ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენი გუნდის ნაწილია”.

საქართველო – ფარერის კუნძულების მატჩი 5 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.  ფოტო – ეროვნული ნაკრები

ასევე ნახეთ

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში და მეორე ქართველი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მფლობელი, – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია